სატურნის, მისი რგოლებისა და მთვარეების ამბავი შეიძლება მისი უდიდესი მთვარით, ტიტანით დაიწყო. დაახლოებით 400 მილიონი წლის წინ, შეჯახებამ ადრეულ პროტოტიტანსა და მასზე უფრო პატარა ობიექტებს შორის, შეიძლება განაპირობა მოვლენათა სერიების დაწყება, რომლებმაც სატურნის სახელგანთქმული რგოლები წარმოქმნა და შეცვალა როგორც პლანეტის რხევა, ისე მისი მთვარეების ორბიტები.

სატურნის სისტემა სავსეა საიდუმლოებით. მისი რგოლები მოსალოდნელზე უფრო ახალგაზრდა აღმოჩნდა, პლანეტის რხევა არაა დაკავშირებული ნეპტუნის მოძრაობასთან, როგორც ეს სიმულაციების თანახმად უნდა ყოფილიყო, და მის პატარა მთვარე იაფეტს უცნაურად დახრილი ორბიტა აქვს. თავად ტიტანს უცნაურად ცოტა კრატერი და ოვალური, ანუ ექსცენტრიკული ორბიტა აქვს.

ყველა ეს ელემენტი, რასაც დღეს ვხედავთ, შეიძლება ახსნას უზარმაზარმა შეჯახებამ, რომელმაც შეიძლება ტიტანის წარმოქმნა განაპირობა.

„ეს გახლავთ დიდი გაერთიანებული თეორიის სახე, რომელიც ყველა ძირითად პრობლემას ფარავს. თითოეული მათგანის შესახებ გარკვეული მოსაზრებები გვქონდა, მაგრამ ეს შეიძლება იყოს შემთხვევა, როგორ ერთიანდება ისინი ერთ ისეთ ისტორიაში, რომლის შემოწმებაც შესაძლებელია“, — ამბობს კვლევის ავტორი, კალიფორნიის SETI ინსტიტუტის მკვლევარი მატია ჩუკი.

ამბავი იწყება სისტემის გარე მისადგომებში ჰიპოთეტური დამატებითი მთვარით, სახელად ქრიზალით — 2022 წლის კვლევის თანახმად, სწორედ ეს მთვარე უნდა ხსნიდეს, თუ როგორ გამოცალკევდა სატურნის რხევები ნეპტუნისგან. იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ქრიზალი სატურნისკენ დაიძრა, დაიშალა და ამ ნაშალით შემდეგ წარმოიქმნა სატურნის რგოლები. ამ პროცესში დესტაბილიზდა სატურნის რხევა და იაფეტის ორბიტა. თუმცა, ჩუკმა და მისმა კოლეგებმა შენიშნეს, რომ სიმულაციებში, ყველაზე სავარაუდო შედეგი იყო ქრიზალის შეჯახება ტიტანთან.

„ეს პრობლემაა. თუ ტიტანთან შეჯახება მოხდა, ის შეიძლება რგოლებად არ გადაქცეულიყო“, — ამბობს ჩუკი.

ამიტომ, მან და მისმა ჯგუფმა გამოთვალა, რა შეიძლება მომხდარიყო, თუკი ქრიზალი ტიტანს შეეჯახებოდა. შედეგად კი დაადგინეს, რომ დაახლოებით 400 მილიონი წლის წინ ასეთ შეჯახებას ტიტანის ზედაპირზე კრატერები უნდა წაეშალა და მისი წრიული ორბიტა ელიფსურად გადაექცია, ასევე წარმოქმნა ნაშალ მასალათა წვიმა. ამ ნაშალის ერთი ნარჩენი შეიძლება იყოს პატარა მთვარე ჰიპერიონი, რითაც შეიძლება აიხსნას თუ რატომ არის სატურნის ეს მთვარე სხვებზე გაცილებით ახალგაზრდა.

შემდეგ, დროთა განმავლობაში, ტიტანის ცვალებად ორბიტას უნდა მოეხდინა შიდა პატარა მთვარეების დესტაბილიზება და ერთმანეთში გადაეხლართა და დაეფხვნა ციცქნა ნაწილაკებად, რომლებისგანაც შემდეგ სატურნის რგოლები წარმოიქმნა.

„ეს ყველაფერი ტიტანით იწყება და გრძელდება შიდა სისტემაში მომხდარი მეორე კატასტროფით“, — აღნიშნავს ჩუკი.

ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევრის, სარა ჰორსტის განცხადებით, თუკი ტიტან 1.0-თან შეჯახება სატურნის სისტემის შესახებ სხვა მრავალ რამესაც ხსნის, ის ფიქრობს, რომ ტიტანმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ სისტემის ისეთად ჩამოყალიბებაში, როგორიც დღესაა.

„ვაფასებ იმ ელეგანტურობას, თუ სატურნის სისტემის რამდენ პრობლემას გადაჭრიდა ეს თეორია ერთდროულად“, — ამბობს ჰორსტი.

მტკიცებულებები, რომლებიც ამ სცენარს დაადასტურებს ან გამორიცხავს, ​​არც ისე შორს არის. 2028 წელს გაეშვება NASA-ს მისია Dragonfly, რომელიც ტიტანის ზედაპირზე 2034 წელს დაჯდება და შეიძლება დაგვეხმაროს იმის დადგენაში, მართლაც მოხდა თუ არა ასეთი შეჯახება. თუ ასე აღმოჩნდა, საბოლოოდ მოეფინება ნათელი სატურნის მრავალ უცნაურობას.

კვლევა ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი