საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინას Aster-ის საზენიტო რაკეტებს და ავიაგამანადგურებელ Mirage-ებს დაჰპირდა.

როგორც ემანუელ მაკრონმა ლონდონში უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციის შეხვედრაზე განაცხადა, პარიზი კიევს საჰაერო თავდაცვის სფეროში დაეხმარება.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა: საჰაერო თავდაცვის საშუალებები, შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება, დრონები და უპილოტოებთან ბრძოლის სისტემები”, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ პარიზი უახლოეს დღეებში გადასცემს უკრაინას Aster-ის საზენიტო რაკეტებს და ავიაგამანადგურებელ Mirage-ებს, ამასთან მაკრონს არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის შეიარაღებაზეა საუბარი.

ფრანგული მედიის ცნობით, ამ ეტაპისთვის პარიზმა კიევს უკვე გადასცა სამი ავიაგამანადგურებელი. ერთ-ერთი თვითმფრინავი ივლისში ჩამოაგდეს.