რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტმა ევროკავშირში ივნისში 14 პროცენტით მოიმატა გასულ წელთან შედარებით, მიუხედავად ევროკავშირის გეგმისა, 2027 წლიდან სრულად შეწყვიტოს რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის შესყიდვა, – ამის შესახებ გამოცემა „ველტი“ ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის „ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის“ (CREA) მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ნედლეულის რეალიზაციისგან კრემლის შემოსავალი 60 მილიონ ევრომდე გაიზარდა დღეში, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროკავშირის გეგმის შესრულებას. ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის მონაცემებით, რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი საფრანგეთია. მხოლოდ ბრეტანის პორტ მონტუარმა ივნისში ოთხჯერ მეტი მოცულობა მიიღო, ვიდრე მაისში.
ამასთან, „ველტი“ წერს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ვითარება ბოლო დროს გაუარესდა, რადგან ირანში არსებულმა კრიზისმა ჰორმუზის სრუტის გავლით თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება შეზღუდა. ამან ფაქტობრივად ბაზრიდან გარიცხა კატარი – მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გაზის ექსპორტიორი. Bruegel-ის კვლევითი ცენტრის მონაცემებით, წლის მეორე კვარტალში რუსულმა ბუნებრივმა აირმა ევროკავშირის მთლიანი გაზის იმპორტის 13,4 პროცენტი შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის წილი იგივე დონეზე რჩება.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსულ გათხევადებულ ბუნებრივ აირს თითქმის მთლიანად არქტიკაში მდებარე იამალის ტერმინალიდან იღებენ. წლის პირველ ნახევარში იქიდან 136 ტვირთი, ანუ 9,97 მილიონი ტონა შემოვიდა, რაც ამ ტერმინალის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის მომენტისთვის რუსეთი ევროპისთვის ბუნებრივი აირის უმთავრესი წყარო იყო და ევროკავშირის გაზის იმპორტის თითქმის 50 პროცენტს ფარავდა. მას შემდეგ მკვეთრად გაიზარდა აშშ-დან შემოტანილი გათხევადებული აირის წილი, ისევე როგორც იმპორტი ნორვეგიიდან .
Bruegel-ის მონაცემებით, ამჟამად ნორვეგია და აშშ ერთად ევროპის გაზის იმპორტის დაახლოებით 60 პროცენტს ფარავენ, შემდეგ მოდიან ალჟირი და რუსეთი – თითქმის თანაბარი წილით.