რუსეთმა, უკრაინასთან სიახლოვის გამო, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის მოლაპარაკებებიდან გარიცხვა მოითხოვა, – ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ წერს.

ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, „ენბისი ნიუსი“ წერს, რომ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი აღარ მონაწილეობს მაღალი დონის მოლაპარაკებებში მას შემდეგ, რაც კრემლმა განაცხადა, რომ არ სურს მისი მონაწილეობა. რუსი მაღალჩინოსნის თქმით, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა „ენბისი ნიუსს“, ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ კელოგი „ზედმეტად ახლოსაა უკრაინასთან“.

მეორე ანონიმურმა წყარომ, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციიდან არის, დაადასტურა, რომ რუსეთს არ სურდა კელოგის ჩართვა მოლაპარაკებებში.

როგორც ცნობილია, კელოგი არ ესწრებოდა საუდის არაბეთში თებერვალსა და მარტში გამართულ მოლაპარაკებებს, სადაც აშშ-ის წარმომადგენლები რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შეხვდნენ. გამოცემა „პოლიტიკომ“ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი შესაძლოა, ჩამოშორებული იყოს მოლაპარაკებებიდან, თუმცა ოფიციალურად ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ამტკიცებენ, რომ ეს ასე არ არის.

1tv.ge