საჯარო მონაცემთა ბაზაში 2 მილიონზე მეტი დოკუმენტი აღმოაჩინეს, რომლებიც რუსეთის სენსიტიური ბირთვული ობიექტების გაფართოებისა და მოდერნიზაციის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდა. ამის შესახებ მასალა დანიურმა საგამოძიებო გამოცემა Danwatch-მა და გერმანულმა Der Spiegel-მა მოამზადეს და 28 მაისს გამოაქვეყნეს.

გამოცემების ცნობით, გაჟონილი ფაილები რუსეთს ორენბურგის ოლქის ქალაქ იასნისთან არსებული სტრატეგიული სარაკეტო ძალების ბაზების დეტალურ სამშენებლო გეგმებს შეიცავს. ამ ბაზებზე რუსეთს Avangard-ის ტიპის ზებგერითი კომპლექსი აქვს განლაგებული, რომელიც ბირთვული იარაღის გამშვები ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სისტემაა.

"აქამდე ამ ბაზებზე დაკვირვება მხოლოდ ზევიდან, თანამგზავრული სურათების გამოყენებით შეგვეძლო. ახლა, ამ უნიკალური ნახაზების დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია, პირველად ვნახოთ, როგორია შენობების შიგნითა და მიწისქვეშა ზონები. ეს სრულიად უპრეცედენტოა". - თქვა ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის ბირთვული ინფორმაციის პროექტის დირექტორმა, ჰანს კრისტენსენმა Danwatch-სა და Der Spiegel-თან საუბრისას.

Danwatch-ისა და Der Spiegel-ის თანახმად, დოკუმენტები აჩვენებს, თუ როგორ იქნა მრავალი ბირთვული ობიექტი დანგრეული და შემდგომ, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, ხელახლა აშენებული ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ეს მოიცავს ასობით ახალ ყაზარმას, საკონტროლო ცენტრს, საგუშაგო კოშკს თუ მიწისქვეშა გვირაბებს, რომლებიც ბაზებზე არსებულ შენობებს ერთმანეთთან აკავშირებენ.

გაჟონილი დოკუმენტები ასევე მოიცავს სამშენებლო გეგმებს, უსაფრთხოების სისტემების დიაგრამებსა და ობიექტების შიგნით, კედლებზე გაკრული ნიშნების დეტალებს. ეს ნიშნები მოიცავს ისეთ შეტყობინებებს, როგორებიცაა "შეჩერდი! გატრიალდი! აკრძალული ზონა!", "სამხედრო ფიცი" თუ "ფეხსაცმლის მოვლის წესები".

გაჟონილი მასალა ასევე შეიცავს ინფორმაციას ელექტროქსელების, IT სისტემების, სიგნალიზაციის კონფიგურაციების, სენსორების მდებარეობებისა და ისეთი სტრუქტურების შესახებ, რომლებიც გარე საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედებისთვისაა შექმნილი. დოკუმენტები ასევე შეიცავს ისეთ ინფორმაციასაც კი, როგორიცაა ბაზებზე განლაგებული ჯარისკაცების გასართობი ნივთების ჩამონათვალი, მათ შორის, სპორტული ინვენტარისა და სამაგიდო თამაშების, მაგალითად, ჭადრაკი და დამკა.

"ასეთი მასალები უმაღლესი დონის დაზვერვითი ინფორმაციაა. თუ შეგიძლია გაიგო, როგორ გადადის ელექტრობა ან საიდან მოდის წყალი და ხედავ სხვადასხვა სისტემების დაკავშირების წესს, მაშინ შეგიძლია, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება მოახდინო და შეტევისთვის სუსტი წერტილები გამონახო." - თქვა გაერთიანებული სამეფოს არმიის დაზვერვის კორპუსის ყოფილმა პოლკოვნიკმა ფილიპ ინგრამმა გამოცემებთან ინტერვიუში.

ნორვეგიის Defense Command and Staff College-ის დაზვერვის კვლევების უფროსი ლექტორის, ტომ როსეთის თქმით, რუსეთის ბირთვული ობიექტების გაუმჯობესების მასშტაბებისა და ფარგლების შესახებ ცოდნა საჯარო ინტერესებშია, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კრემლის განმეორებადი ბირთვული მუქარების გათვალისწინებით.

"მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია სწორად გვესმოდეს, ვინაიდან ბევრი ადამიანი კვლავაც არ იცნობს ვითარებას, რომელშიც ევროპა ამჟამად იმყოფება და რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებას წარმოადგენს უსაფრთხოების პოლიტიკაში". - თქვა როსეთმა გამოცემებთან საუბრისას.

"ამიტომ მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ, რომ რუსეთმა საკუთარი ბირთვული არსენალის მოდერნიზაცია მოახდინა. ისინი ბირთვული იარაღით ისედაც რეგულარულად იმუქრებოდნენ უკრაინაში მიმდინარე ომის განმავლობაში. ის ფაქტი, რომ რუსეთს ეს შესაძლებლობა აქვს, საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანიც კი, ვინაიდან მათ თავიანთი ბირთვული დოქტრინა შეცვალეს და ახლა ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ნაკლები მიზეზი სჭირდებათ". - დასძინა მან.

იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა სამხედრო შესყიდვების წესები გაამკაცრა და სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზა დახურული გახადა (მათზე წვდომა მხოლოდ გადამოწმებულ ადგილობრივ  კონტრაქტორებს აქვთ), თავდაცვის ინფრასტრუქტურაზე მომუშავე მაღალჩინოსნებმა სენსიტიური დოკუმენტების საჯარო ტენდერების დოკუმენტებში ჩართვა გააგრძელეს. Danwatch-მა და Der Spiegel-მა კი სწორედ ეს სენსიტიური მასალა აღმოაჩინა, რომელიც ტენდერების დოკუმენტებთან ჯერ კიდევ 2024 წლის შუა რიცხვებში იყო მიმაგრებული. 

წყარო: tabula.ge