ოთხშაბათის ღამეს, პირველად1989 წელს კომუნიზმის დაცემის შემდეგ, პოლონეთის ძალებმა საკუთარ ტერიტორიაზე მოსახლეობისა და სახელმწიფოს დასაცავად ლეტალური ძალა გამოიყენეს და რუსული დრონები ჩამოაგდეს.
ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახულია: რუსეთმა, რომელიც დიდი ხანია ღიად საუბრობს თავის ნეოიმპერიალისტურ ამბიციებზე, არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ მთლიანად ნატო-ს ალიანსის მედეგობა გამოსცადა.
პირველმა რეაქციამ საფრთხის წინაშე ერთიანობა აჩვენა, მაგრამ ნამდვილი გამოცდა ჯერ კიდევ წინ არის.
ოთხშაბათს დრონებით განხორციელებული თავდასხმა, თავისთავად, გარდამტეხი მომენტი არ ყოფილა. რუსეთის კამიკაძე დრონებმა („შაჰედ-136/გერან-2“), თავიანთ სატყუარა ვარიანტებთან ერთად, წარსულშიც არაერთხელ დაარღვიეს პოლონეთის საჰაერო სივრცე. თუმცა, აქამდე ისინი არ ჩამოუგდიათ.
ნატო-ს სხვა სახელმწიფოები, განსაკუთრებით - რუმინეთი, ხშირად, თვალის დახუჭვას ამჯობინებენ. ეს ინციდენტი კი საეტაპო მოვლენად იქცა: ნატო-ს ძალებმა, პირველად თითქმის ოთხი წლის განმავლობაში, რუსეთის ქმედებას აქტიური სამხედრო პასუხი გასცეს და ამით პასიურობის ციკლი დაარღვიეს.
უკრაინის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების შესაძლო შეფერხებების გათვალისწინებითაც კი, ერთბაშად 19 დრონის შემოჭრა (ზოგიერთის უკრაინიდან, ზოგის კი - ბელარუსიდან), ძნელია, შემთხვევითობად მივიჩნიოთ.
უფრო საინტერესო პოლონეთისა და ნატო-ს პასუხის მატერიალური ღირებულებაა. ოპერაციაში ჩართულნი იყვნენ: პოლონური F-16-ები, ნიდერლანდური F-35-ები, იტალიური E-550A AWACS, აგრეთვე A330 MRTT ტიპის საწვავგასამართი თვითმფრინავი და პოლონური Saab 340 AEW&C. ამ კონტროპერაციის სავარაუდო ღირებულება საათში რამდენიმე მილიონი პოლონური ზლოტია.
სულ რაღაც 35 000 ზლოტის (დაახლოებით 8,200 ევრო, 9,600 აშშ დოლარი) ღირებულების რუსული დრონების გასანეიტრალებლად მოკავშირეთა შესაძლებლობების სრული სპექტრის გამოყენება გახდა საჭირო.
რა თქმა უნდა, უსაფრთხოებას ფასი არ აქვს. მაგრამ უნდა დაისვას კითხვა: ხომ არ იქნებოდა უფრო ეფექტური რუსეთის დრონების მათი წარმოების საწყის ეტაპზევე შეჩერება?
უმარტივესი გზა იქნებოდა უკრაინის შეიარაღება, რათა მან დარტყმა მიაყენოს ჩელიაბინსკის (რუსეთი) ოლქში მდებარე ალაბუგას სპეციალურ ეკონომიკურ ზონას, სადაც ამ დრონებს გლობალური სამხრეთის ქვეყნებიდან ჩასული მუშები აწყობენ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია უკრაინის გამოცდილების გაზიარება ათობით ათასი დრონისგან შემდგარი გუნდების წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ გაკვეთილების პოლონეთის თავდაცვის სტრატეგიაში ადაპტირება.
ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს, მაგრამ ოთხშაბათის ინციდენტმა ის კიდევ უფრო უნდა დააჩქაროს.
რუსეთის აგრესია, მართალია, ჯერ კიდევ ღია ომის ზღვარს ქვემოთაა, მაგრამ წარმოადგენს მრავალშრიან სტრეს-ტესტს როგორც საზოგადოებისთვის, ისე პოლიტიკური ლიდერებისა და სამხედრო პროცედურებისთვის.
ის ასევე ამარაგებს მოსკოვს ღირებული სადაზვერვო ინფორმაციით სუსტი წერტილების შესახებ, რომლებიც მოგვიანებით შეიძლება დეზინფორმაციულ კამპანიებსა და ფსიქოლოგიურ ომში იქნას გამოყენებული.
თავდასხმის დროის შერჩევა (სულ რამდენიმე დღით ადრე ერთობლივ რუსულ-ბელარუსულ სამხედრო წვრთნებამდე სახელწოდებით „ზაპად-2025“) მიანიშნებს, რომ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მედეგობის შემოწმებით, წვრთნები უკვე დაწყებულია.
რამდენი სამხედრო პირი მიიღებს რეალურად მონაწილეობას ამ წვრთნებში, გაურკვეველია. ოფიციალურად, 12 000 სამხედრო მოსამსახურე სახელდება, მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რეალური რაოდენობა 30 000-ს უახლოვდება.
რუსეთი, 2013 წლიდან მოყოლებული, 6-15-ჯერ მუდმივად ამცირებს თავისი ჯარების რაოდენობას. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასთან ომში მოსკოვის ჩართულობის გამო, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე პირდაპირი კინეტიკური თავდასხმა ნაკლებად სავარაუდოა, ჰიბრიდული ოპერაციები აშკარად აქტიურდება.
მზარდი გლობალური გაურკვევლობის ფონზე, ამაზე ნათელი სიგნალის გაგზავნა მობილიზაციისთვის შეუძლებელი იქნებოდა. ბურთი ახლა გადაწყვეტილების მიმღებთა, მათ შორის ნატო-ს, მოედანზეა.
ვამპირის მსგავსად, კრემლი სისუსტის გამოვლენის ყოველი ნიშნით იკვებება, რაც მას წითელი ხაზების ერთი-მეორის მიყოლებით გადაკვეთისკენ უბიძგებს. თუ ამ ეპიზოდიდან დასკვნებს ვერ გამოვიტანთ და პოლონეთის თავზე რუსულ დრონებს, უბრალოდ, შევეგუებით, ბრძოლას ჯერ კიდევ მის დაწყებამდე წავაგებთ.
ავტორი: ლეონ პინჩაკი - ვარშავაში მოქმედი ანალიტიკური ცენტრის, „პოლიტიკა ინსაიტის“ უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, გასულ კვირას რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა იყო კრემლის მცდელობა, გამოეცადა ნატო-ს რეაქციები სრულმასშტაბიანი რეაგირების გამოწვევის გარეშე.
სიკორსკიმ დაადასტურა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში შესული დრონები ასაფეთქებელი ნივთიერებებით არ იყო დატვირთული.
„საინტერესოა, რომ ისინი ყველა ცარიელი იყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთმა ჩვენი გამოცდა ომის დაწყების გარეშე სცადა“, - განუცხადა სიკორსკიმ კიევში Guardian-ს.
მან უარყო ვარაუდები, რომ პოლონეთის საჰაერო თავდაცვა შეჭრისთვის მოუმზადებელი იყო.
„დრონებმა სამიზნეებს ვერ მიაღწიეს და ობიექტებს მცირე ზიანი მიადგა, არავინ დაშავებულა. ეს რომ უკრაინაში მომხდარიყო, უკრაინის განმარტებით, ეს 100%-იან წარმატებად ჩაითვლებოდა“, - განაცხადა სიკორსკიმ.
მისი მტკიცებით, პოლონეთის პასუხი გაცილებით უფრო მკაცრი იქნებოდა, თავდასხმის შედეგად რომ ვინმე დაღუპულიყო, ან დაშავებულიყო.
„პუტინის მსგავსი აგრესორისა და მატყუარას შემთხვევაში მხოლოდ ყველაზე მკაცრი საპასუხო ზეწოლა მუშაობს“, - განაცხადა სიკორსკიმ.ა
წყარო: 1არხი