მილიარდერი რომან კარკოსიკის დაფინანსებით, პოლონეთში ღვთისმშობლის ქანდაკების მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ყველაზე მაღალი იქნება ევროპაში. ამ ინფორმაციას გაზეთი „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.

55 მეტრის სიმაღლის ბეტონის მონუმენტი ქალაქ ტორუნთან ახლოს, სოფელ კონოტოპიეში, ხორბლის მინდვრებში, პოლონეთის ერთ-ერთი უმდიდრესი მრეწველის, კარკოსიკის კუთვნილ მიწაზე შენდება.

ქანდაკება, თავისი სიმაღლით, სავარაუდოდ, დაჩრდილავს როგორც ქრისტეს 36-მეტრიან ქანდაკებას, რომელიც დასავლეთ პოლონეთში, სვებოდზინში მდებარეობს, ასევე მაცხოვრის 38-მეტრიან ძეგლს რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია).

ახალი ქანდაკების კურთხევა მომავალი წლის 15 აგვისტოს, კათოლიკურ დღესასწაულზე - ღვთისმშობლის მიძინების დღისთვის არის დაგეგმილი.

„ფაინენშალ თაიმსი“ პროექტს „თითქმის ფარაონულს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ სოფლად მისი მდებარეობა ხაზს უსვამს კათოლიკური ეკლესიის შეუცვლელ როლს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, განსაკუთრებით კონსერვატიულ რეგიონებში, რომლებიც მემარჯვენე პარტია „კანონი და სამართლიანობა“-ს (PiS) უჭერენ მხარს.

ინდუსტრიული კონგლომერატის, Boryszew-ის დამფუძნებელი კარკოსიკი წარსულშიც აფინანსებდა რელიგიურ ინიციატივებს, მათ შორის - იქვე მდებარე ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციას, რომელიც მე-19 საუკუნის შემდეგ, მომლოცველთა შორის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია.

ქანდაკების მშენებლობა იმ დროს მიმდინარეობს, როდესაც პოლონეთის პოლიტიკური კლიმატი პოლარიზებული რჩება. PiS-ი, რომელიც 2023 წელს ხელისუფლებას პროევროპულმა კოალიციამ ჩამოაშორა, ივნისში კვლავ მოძლიერდა, როდესაც მისმა კანდიდატმა, კაროლ ნავროცკიმ პრეზიდენტობის არჩევნებში მცირე უპირატესობით გაიმარჯვა.

პროევროპული კოალიციის ლიდერის, ტუსკის კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი მხარს უჭერდა ლგბტქ+ უფლებებს და მერიის შენობიდან ჯვრები და სხვა რელიგიური სიმბოლოები მოხსნა.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ იუწყება, ფიცის დადებისას, ნავროცკიმ, რომელიც ისტორიკოსი და ყოფილი საფეხბურთო ხულიგანია, ტუსკის ბანაკს მისი წარსულის შესახებ „სიცრუის“ გავრცელებაში დასდო ბრალი და დაამატა: „როგორც ქრისტიანი, მშვიდი გულითა და სულით ვპატიობ მთელ ამ ზიზღს და იმას, რაც არჩევნების დროს მოხდა“.

წყარო: 1 არხი