ოთხშაბათს, 1 იანვარს, რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ამ ორი ქვეყნის 13-წლიანი მოლოდინი დასრულდა და შენგენის ზონის წევრ-სახელმწიფოთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ავსტრიამ და სხვა წევრმა სახელმწიფოებმა ყოფილი კომუნისტური ქვეყნების მიმართ თავიანთ პრეტენზიებზე უარი თქვეს. შენგენის ზონასთან რუმინეთის და ბულგარეთის ოფიციალური მიერთება 1 იანვარს, შუაღამისას (22:00 GMT) მოხდა, რაც სხვადასხვა სასაზღვრო პუნქტზე ზეიმით აღინიშნა. რუმინეთი და ბულგარეთი, რომლებიც ევროკავშირის წევრები 2007 წლიდან არიან, შენგენის ზონაში ნაწილობრივ მარტში შევიდნენ, რის შემდეგაც მათ პორტებსა და აეროპორტებში სასაზღვრო შემოწმება გაუქმდა. თუმცა, ავსტრია, მიგრაციის პრობლემების გამო, შენგენის ზონაში მათ სრულ შესვლას ვეტოს დადებით დაიმუქრა, რაც სახმელეთო სასაზღვრო პუნქტებზე კონტროლის შენარჩუნებას ნიშნავდა.

დეკემბერში ვენამ ვეტოს მუქარა მას შემდეგ წაიღო უკან, რაც სამმა ქვეყანამ „საზღვრის დაცვის პაკეტზე“ შეთანხმებას მიაღწია, რითაც ევროკავშირის ორ უღარიბეს სახელმწიფოს შენგენის ზონისკენ გზა გაეხსნა. 1985 წელს დაარსებული ზონაში ახლა უკვე შედის ევროკავშირის 27 წევრიდან 25, ასევე შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი, რომელთა საერთო მოსახლეობა 400 მილიონზე მეტია. „რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონაში გაწევრიანების ტექნიკურ მოთხოვნებს 2011 წლიდან ასრულებენ, მაგრამ წევრი ქვეყნები ყოველ ჯერზე აპროტესტებდნენ, როდესაც ისინი გაწევრიანებას ცდილობდნენ“, - განუცხადა სააგენტო „ფრანს პრესს“ (AFP) ანალიტიკოსმა ვალენტინ ნაუმესკუმ.

შორეული რეისების მძღოლები ზეიმობენ

ორივე ქვეყნის ლიდერებმა შენგენის ზონის გაფართოებას „ისტორიული“ უწოდეს. ავსტრია მრავალი წელია ჩივის, რომ შენგენის გარე საზღვრების ცუდად დაცვის გამო, მას არალეგალური მიგრანტების არაპროპორციული რაოდენობის მიღება უწევს. ოფიციალურმა ვენამ შენგენში რუმინეთის (მოსახლეობა 19 მილიონი) და ბულგარეთის (6,5 მილიონი) გაწევრიანების დაბლოკვაზე მას შემდეგ თქვა უარი, რაც 2024 წლის ნოემბერში სამმა ქვეყანამ საზღვრის დაცვის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს ბულგარეთ-თურქეთის საზღვარზე მესაზღვრეების ერთობლივ განთავსებას და სახმელეთო საგუშაგოებზე დროებით კონტროლს საწყისი ექვსი თვის განმავლობაში.

ანალიტიკოსების აზრით, ზონაში გაწევრიანება რუმინეთისა და ბულგარეთის მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ) მინიმუმ ერთი პროცენტული პუნქტით გაზრდის. სატვირთო მანქანების მძღოლებმა, რომლებიც ამჟამად სასაზღვრო-გამშვებ პუნქებზე 20 საათამდე ლოდინი უწევთ, ეს ამბავი ზეიმით აღნიშნეს. „ეს იყო დროის კარგვა მძღოლებისთვის, რომლებიც დასასვენებლად ვერც კი ჩერდებოდნენ, რადგან ყოველ 10 წუთში უწევდათ მანქანების გადაადგილება“, - განაცხადა რუმინეთის ტრანსპორტის ფედერაციის ხელმძღვანელმა, ბენიამინ ლუჩესკუმ. თუმცა, ბულგარეთში არსებულმა ცუდმა საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურამ შეიძლება დადებითი ეფექტი შეზღუდოს.

ამავდროულად, მეზობელ საბერძნეთში მკვეთრად გაიზრდება ბულგარელი და რუმინელი ტურისტების შედინება. „ეს შესანიშნავი ამბავია“, - ამბობს გაყიდვების მენეჯერი, 46 წლის ივაილო კირკოვი, რომელიც სახლს ფლობს ჩრდილოეთ საბერძნეთში. რუმინელი და ბულგარელი ტურისტების საბერძნეთში შედინებას ბერძენი მასწავლებელი და გიდი, გეორგი გრანჩაროვიც ვარაუდობს.

საზღვარზე რიგების არარსებობის შემთხვევაში, „სოფიადან თესალონიკამდე გზას ოთხ საათზე ცოტა მეტი სჭირდება“, - ამბობს ის.

წყარო: 1 არხი