„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების 2026 წლის ინდექსს ავრცელებს, რომლის მიხედვით, ავტორიტარიზმის ზრდის ფონზე, მსოფლიოში პრესის თავისუფლება რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა, ყოველი ოთხი ქვეყნიდან სამში, ვითარება „პრობლემატურია“.
ინდექსის მიხედვით, შეფასებული 180 ქვეყნიდან ნახევარზე მეტში მდგომარეობა „რთული“ ან „ძალიან სერიოზულია“. „კარგი“ მდგომარეობა მსოფლიოს მხოლოდ შვიდ ქვეყანაშია, „დამაკმაყოფილებელი“ რეიტინგი კი 36 ქვეყანას აქვს.
ინდექსის თანახმად, გლობალურად საფრთხის ქვეშაა ჟურნალისტების შესაძლებლობა, იმუშავონ უსაფრთხოდ და დამოუკიდებლად. აქვე ორგანიზაცია პრესის თავისუფლების განისაზღვრებაზე წერს – „ჟურნალისტების როგორც ცალკეული პირებისა და კოლექტივის შესაძლებლობა, შეარჩიონ, შექმნან და გაავრცელონ ახალი ამბები პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი თუ სოციალური ჩარევისგან დამოუკიდებლად, ფიზიკური, ფსიქიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის გარეშე“.
ამავე რეიტინგში 135-ე ადგილზეა საქართველო 40.77 ქულით და „რთულ“ კატეგორიაში ფიგურირებს. ამავე კატეგორიაშია სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და აზიის რამდენიმე ქვეყანა.
რაც შეეხება „ძალიან სერიოზულ“ კატეგორიას, აქ ძირითადად, რუსეთი, ახლო აღმოსავლეთი, შუა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები ფიგურირებენ.