ეს შეგრძნება კარგად იცით — თვალი გექავებათ და ძალიან გინდათ მოსრესა.

ვიდრე თვალების სრესას დაიწყებდეთ, გირჩევთ, ორჯერ დაფიქრდეთ პოტენციური შედეგების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ თვალების სრესა შეიძლება უსაფრთხო ჩანდეს, ხალხი, რომელიც თვალებს ისრესს, რქოვანას ინფექციების ან დაზიანების რისკის ქვეშ არის.

საბედნიეროდ, არსებობს თვალების ქავილის რამდენიმე მიზეზი, რომელთა მკურნალობაც შესაძლებელია.

თვალების ქავილი და გაღიზიანება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზებია, რომელთა გამოც პაციენტები თვალის ექიმს მიმართავენ.

თვალების ქავილის მიზეზი

თვალების სრესა ხშირად ის რეაქციაა, რომელიც მაშინ ხდება, როცა თვალებს არაკომფორტულად ან გაღიზიანებულად გრძნობთ.

ქავილის შეგრძნების ყველაზე გავრცელებული მიზეზია ალერგიული კონიუქტივიტი, რომელზეც მოდის თვალების ქავილის შემთხვევათა თითქმის 50 პროცენტი.

ალერგიული კონიუქტივიტი თვალის ლორწოვანი გარსის (კონიუქტივა) ანთებითი რეაქციაა. ალერგენები უჯრედების ზედაპირს ეკვრის, რაც საბოლოოდ განაპირობებს ანთებითი ქიმიკატების მოლეკულების გამოყოფას, რომლებიც ქავილის შეგრძნებას იწვევენ.

ქუთუთოების შიდა მხარეს შეიძლება განვითარდეს სიწითლე, შეშუპება და პატარა ამობურცულობები.

ზოგჯერ, როცა თვალებში ქვიშის, სიმშრალის ან რაღაცის ჩავარდნის შეგრძნება გაქვთ, ჩნდება სრესის სურვილი. ხშირად ეს მშრალი თვალის სინდრომის ან ბლეფარიტის სიმპტომია.

თვალების სრესის სურვილი შეიძლება მაშინაც გაჩნდეს, როცა ქუთუთოების ქავილს გრძნობთ, ხშირად სულ სხვა მიზეზის გამო, როგორიცაა დერმატიტი  ქუთუთოს კანის ანთება.

ქუთუთოსა და თხელი გარე შრის, სახელად ეპიდერმისის ანატომიის გამო, ის უფრო მოწყვლადია გარემოდან მომდინარე ან კონტაქტური ლინზების მხრიდან გაღიზიანებისადმი.

თვალების სრესა რქოვანას დაავადებათა რისკ-ფაქტორია

თვალების სრესასთან დაკავშირებული ყველაზე სერიოზული რისკია კერატოკონუსის განვითარება — დაავადება, რომლის დროსაც რქოვანა, ანუ გამჭვირვალე ფანჯარა თვალის წინა ნაწილში — პროგრესულად თხელდება და არარეგულარული ფორმის ხდება.

ჯანმრთელ რქოვანას უფრო სფერული ფორმა აქვს, მაგრამ კერატოკონუსის მქონეებში ის უფრო ციცაბო და კონუსის ფორმის ხდება. კერატოკონუსი ხშირად იწვევს მაღალი ხარისხის არარეგულარულ ასტიგმატიზმს — რქოვანას გამრუდების არასრულყოფილებას, რაც მხედველობის დაბინდვას იწვევს.

საბედნიეროდ, კერატოკონუსის მკურნალობა ახლა უკვე შესაძლებელია პროცედურით, რომელსაც რქოვანას ჯვარედინი შეერთება ეწოდება და რომელიც მრავალ შემთხვევაში აჩერებს შემდგომ პროგრესს. ამ პროცედურის დროს, კოლაგენის ძაფებს ერთმანეთს უერთებენ, რაც რქოვანას აძლიერებს.

მკურნალობის შემდეგაც კი,კერატოკონუსის მქონე მრავალ პაციენტს სპეციალური კონტაქტური ლინზები სჭირდება ოპტიმალური მხედველობის მისაღწევად.

ყველაზე წინწასულ შემთხვევებში, პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ რქოვანას გადანერგვა დონორის ქსოვილიდან.

თვალების სრესასთან დაკავშირებული სხვა გართულებები

რქოვანას გახეხვა (აბრაზია) არის ნაკაწრები თხელ, გამჭვირვალე კანში, რომელიც რქოვანას ფარავს და გამოწვეულია თვალების აგრესიული სრესით ან რქოვანაში შემთხვევით ფრჩხილის მოხვედრით.

აბრაზია საშინლად მტკივნეულია და ძირითადად იწვევს დაბინდულ მხედველობას. რქოვანას აბრაზია საჭიროებს ანტიბიოტიკებით მკურნალობას, რათა მოხდეს ინფექციის პრევენცია.

თვალების სრესამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სუბკონიუნქტივალური სისხლდენა. ეს მაშინ ხდება, როცა სრესა წყვეტს თვალის ზედაპირზე არსებულ პატარა სისხლძარღვებს, რის გამოც თვალი ძალიან შეწითლებული ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ კონიუნქტივის სისხლდენა შეიძლება საგანგაშო ჩანდეს და შემაშფოთებლადაც გამოიყურებოდეს, ის არსებითად თვალის ზედაპირზე სისხლჩაქცევაა და არ იწვევს ხანგრძლივ დაზიანებას. როგორც წესი, ეს მდგომარეობა ერთ-ორ კვირაში ჩარევის გარეშე გაივლის.

კონიუქტივიტი, რომელსაც ვარდისფერ თვალსაც უწოდებენ, კონიუქტივის (ლორწოვანი გარსი) ინფექციაა, რომელიც შეიძლება გავრცელდეს თვალების სრესის გზით. იწვევს ვირუსები ან ბაქტერიები.

თუკი თვალს აუცილებლად უნდა შეეხოთ, პირველ რიგში დაიბანეთ ხელები, რითაც ინფექციის გავრცელების პრევენციას მოახდენთ. კონიუქტივიტის ვირუსული ფორმები ძლიერ გადამდებია, ამიტომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ თვალების სრესასთან მაშინ, თუკი კონტაქტი გქონდათ ვინმესთან, ვისაც ვარდისფერი თვალები აქვს.

თვალების ქავილის სამკურნალო საშუალებები

ადამიანთ უმეტესობა თვალებს ისე ისრესს, რომ ამას ვერც კი ხვდება. თუმცა, არსებობს გზები, რომლითაც აღმოფხვრით იმ ძირითად დაავადებებს, რომლებიც შეიძლება თვალების სრესას იწვევდეს.

ხშირად, შეიძლება საკმაოდ ეფექტიანი იყოს ურეცეპტო პრეპარატები და შინაური საშუალებები. ერთ-ერთი საშუალება, რომელიც თვალის სრესის უმეტეს მიზეზს შველის, არის ხელოვნური ცრემლი. რჩევა: გამოყენებამდე ის მაცივარში გააცივეთ და ეფექტს მეტად იგრძნობთ.

ალერგიული კონიუქტივიტის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ თავი აარიდოთ ალერგენებს, რომლებიც სიმპტომებს იწვევს. მაგალითად, თუ ალერგია ყვავილის მტვერზე გაქვთ, დარჩით დახურულ სივრცეებში, გამოიყენეთ მზის სათვალე ან ჩამოიბანეთ სახე ზემოქმედების შემდეგ, რაც თვალის გარშემო დაგროვებული ალერგენების შემცირებაში დაგეხმარებათ.

შემდეგი ვარიანტია ხელოვნური ცრემლის მოსინჯვა ალერგენების გამოსადევნად. ქავილს ამცირებს ცივი საფენის დადებაც.

თუ ქავილს მაინც გრძნობთ, შემდეგი ნაბიჯია ალერგიის თვალის წვეთები, ანტიჰისტამინური ადგილობრივი პრეპარატები, მასტოციტების სტაბილიზატორები ან ორივეს კომბინაცია.

ანტიჰისტამინური თვალის წვეთები ბლოკავს ჰისტამინის გამოყოფას — ნივთიერების, რომელსაც სხეული ალერგენების ზემოქმედების შემდეგ გამოყოფს. მასტოციტების სტაბილიზატორები ბლოკავს მასტოციტების დაშლას — სხეულის იმუნური სისტემის ნაწილის, რომელიც ანთებითი ქიმიკატების გამოყოფას ამცირებს.

ვინაიდან ხელმისაწვდომია ამდენი ვარიანტი, ყველაზე კარგია, განიხილოთ თქვენს თვალის ექიმთან, რომელი მათგანი იქნება თქვენთვის უკეთესი.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი