მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული ქვეყანა რუსეთია. მეტიც, მხოლოდ რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური, ეკონომიკური თუ პერსონალური სანქციების რაოდენობა აღემატება რეიტინგში შესული სხვა ქვეყნების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების ჯამურ რაოდენობას. გარდა ამისა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 90% სხვადასხვა ქვეყანამ თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ 2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შემოიღო.

სანქცია არის ქვეყნების, ორგანიზაციების ან ფიზიკური პირების წინააღმდეგ გატარებული ზომა, რომლის მიზანია დაანახვოს მათ, რომ საერთაშორისო შეთანხმებებთან შეუსაბამო ქმედებები მიუღებელია. მსგავს ქმედებებს შორისაა: აგრესია სხვა ქვეყნების მიმართ, ადამიანის უფლებების დარღვევა ან ბირთვული იარაღის გავრცელება. არსებობს სანქციების სხვადასხვა ტიპიც:

ფინანსური სანქციები: საბანკო ანგარიშების ან სხვა აქტივების გაყინვა, ან კონკრეტულ ქვეყნებში ინვესტირების აკრძალვა.

სავაჭრო სანქციები: ისეთი სპეციფიკური პროდუქტებით (როგორიცაა ტექნოლოგიები ან ნედლეული) ვაჭრობის აკრძალვა, რომლებიც ქვეყნისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.

იარაღის ემბარგო: სამხედრო დანიშნულების საქონლის იმპორტისა და ექსპორტის აკრძალვა.

სამოგზაურო და სავიზო შეზღუდვები: კონკრეტული პირებისთვის ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა.

2026 წლის მდგომარეობით ყველაზე სანქცირებული ქვეყნების რეიტინგს World of Statistics-ი, Castellum.AI-ზე დაყრდნობით ავრცელებს:

ყველაზე სანქცირებული ქვეყნები:

  • რუსეთი - 26,655
  • ირანი - 6,027
  • ჩრდ. კორეა - 2,239
  • ბელარუსი - 1,900
  • მიანმარი - 1,046
  • ვენესუელა - 861

აღსანიშნავია, რომ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში სირია სანქცირებული ქვეყნების სამეულში მყარად იკავებდა ადგილს. თუმცა მას შემდეგ, რაც 2025 წლის დასაწყისში ასადის რეჟიმი ჩამოიშალა, აშშ-მა და ევროკავშირმა, ქვეყნის რეკონსტრუქციის ხელშეწყობის მიზნით, შემზღუდველი ზომების სისტემატური გაუქმება დაიწყეს. სირიამ რეიტინგის ათეულის ბოლოში გადაინაცვლა; ამჟამად აქტიური სანქციების უმრავლესობა მიმართულია არა სახელმწიფოს, არამედ მხოლოდ დარჩენილი სამხედრო დამნაშავეების წინააღმდეგ.

მსგავსი გარდამავალი ვითარებაა ვენესუელაშიც. პრეზიდენტ მადუროს შეპყრობის შემდეგ, აშშ-ის ხაზინამ ქვეყნის ნავთობსექტორზე დაწესებული ძირითადი სანქციები ფაქტობრივად შეაჩერა. მართალია, ტექნიკურად 800-მდე სანქცია კვლავ ძალაში რჩება, თუმცა მათი აღსრულება ახალი მთავრობის დასტაბილურებამდე შეჩერდა.

bm.ge