„ევრობარომეტრის“ მიერ გასული წლის ნოემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ლიეტუვის მოსახლეობის დაახლოებით მესამედს მიაჩნია, რომ ანტისემიტიზმი მათ ქვეყანაში მწვავე პრობლემას წარმოადგენს.

ომბუდსმენის აპარატში განმარტავენ, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტის აზრით, ანტისემიტიზმის დონე ლიეტუვაში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, უცვლელი დარჩა. რესპონდენტთა 14% პრობლემის გამძაფრებაზე საუბრობს, ხოლო 18%-ს მიაჩნია, რომ ანტისემიტური განწყობები შემცირდა.

ამასთან, წინა გამოკითხვების შედეგებთან ბოლო კვლევის მონაცემების შედარებისას, ომბუდსმენის აპარატმა შეშფოთება გამოხატა პოლიტიკურ ცხოვრებაში ანტისემიტიზმის გამოვლინებების ზრდის გამო. თუ 2018 წელს ამას პრობლემურად ლიეტუველთა მხოლოდ 15% მიიჩნევდა, ახლა ეს მაჩვენებელი, ომბუდსმენ ბირუტე საბატაუსკაიტეს განცხადებით, 38%-მდეა გაზრდილი.

„სამწუხაროდ, ეს მატება მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან ანტისემიტური განცხადებები ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების რეალობად იქცა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ლიეტუვაში სულ უფრო მეტი ადამიანი აღიქვამს ამას მწვავე პრობლემად“, - აღნიშნა საბატაუსკაიტემ.

ლიეტუვის ომბოდსმენი, ბირუტე საბატაუსკაიტეფოტო: ლ. ბალანდისი / საინფორამციო სააგენტო „ბალტიკ ნიუს სერვისი“ (BNS)

კვლევის მონაწილეებმა ყველაზე მწვავე საკითხად ებრაული სასაფლაოების შეურაცხყოფა დაასახელეს (43%). ამავე რაოდენობის რესპონდენტებმა პრობლემად მიიჩნიეს ანტისემიტური წარწერები და ებრაული შენობებისა თუ დაწესებულებების მიმართ გამოხატული ვანდალიზმი, ხოლო ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში არსებულ ანტისემიტიზმზე გამოკითხულთა 36-მა პროცენტმა გაამახვილა ყურადღება.

რესპონდენტთა 28%-ის აზრით, ანტისემიტიზმი პრობლემას წარმაოდგენს ლიეტუვის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებშიც.

გამოკითხულთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ებრაული ისტორიისა და ტრადიციების შესახებ ლიეტუვის მოსახლეობა კარგად არის ინფორმირებული. დაახლოებით იგივე პროცენტული რაოდენობა ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქვეყნის სკოლებში მოსწავლეებს ჰოლოკოსტის თემაზე სათანადო ინფორმაცია მიეწოდებათ.

ამავდროულად, კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს მოქმედი კანონმდებლობის შესახებ. რესპონდენტთა მხოლოდ 62%-მა იცის, რომ ლიეტუვაში ებრაელთა მიმართ სიძულვილისა და ძალადობის გაღვივება სისხლის სამართლის დანაშაულია, ხოლო ჰოლოკოსტის უარყოფა კანონით რომ ისჯება, მხოლოდ 51%-ისთვის არის ცნობილი.

„მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედმა არ იცის ამ სამართლებრივი ნორმების შესახებ, ყოველი მეხუთე კი მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები საერთოდ არ არის აკრძალული. ამიტომ, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას იმის შესახებ, რომ ანტისემიტური ქმედებები, მათ შორის სიძულვილის გაღვივება თუ ჰოლოკოსტის უარყოფა, რეალურ სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - განაცხადა საბატაუსკაიტემ.

წყარო: 1 არხი