12 ივნისიდან ევროკავშირში მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ახალი პაქტი სრულად ამოქმედდება. ინიციატივის მიზანია ერთიანი და იურიდიულად სავალდებულო სისტემის შექმნა, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა რეგისტრაციისა და განაცხადების განხილვის პროცესს დააჩქარებს, ხოლო პასუხისმგებლობას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის უფრო თანაბრად გადაანაწილებს.
ევროკომისიის მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მიღების მიზნით 669,400 პირველადი განაცხადი შევიდა, გარდა ამისა საზღვრებზე 178,000 უკანონო კვეთის შემთხვევა დაფიქსირდა.
მიგრაციული ნაკადების ძირითადი ტვირთი ამჟამად რამდენიმე ქვეყანაზე მოდის. ესპანეთმა, იტალიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ და საბერძნეთმა 2025 წელს ევროკავშირში შეტანილი თავშესაფრის პირველადი განაცხადების 83% მიიღეს.
ახალი პაქტის მიხედვით, ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწევს პასუხისმგებლობის გაზიარება. ქვეყნებს არჩევანის გაკეთება შეეძლებათ ორ ვარიანტს შორის: მიიღონ თავშესაფრის მაძიებელთა განსაზღვრული კვოტა საკუთარ ტერიტორიაზე ან თითოეულ მიუღებელ პირზე დაახლოებით 20,000 ევრო ჩარიცხონ ევროკავშირის საერთო ფონდში. პაქტის საბაზისო მიზანი ევროკავშირის მასშტაბით წელიწადში მინიმუმ 30,000 თავშესაფრის მაძიებლის გადანაწილებაა.
რეფორმა ასევე ითვალისწინებს პროცედურების დაჩქარებას. სახელმწიფოები ვალდებული იქნებიან მიგრანტების იდენტიფიკაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და უსაფრთხოების შემოწმება მათი ჩამოსვლიდან შვიდი დღის განმავლობაში განახორციელონ.
პაქტის ფარგლებში განახლდება Eurodac-ის მონაცემთა ბაზაც, რომელიც ევროკავშირში მიგრანტების რეგისტრაციისა და გადაადგილების მონიტორინგისთვის გამოიყენება. ევროკავშირი ასევე გეგმავს მონაცემთა გაცვლის სისტემის გაუმჯობესებას და გარკვეული კატეგორიის განაცხადების დაჩქარებულ რეჟიმში განხილვას.
თუმცა, ევროკომისია პარალელურად მუშაობს ე.წ. „დაბრუნების რეგულაციაზე“, რომელიც დეპორტაციის მექანიზმების გაფართოებასა და ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად მყოფი მიგრანტების დაბრუნების პროცედურების გამკაცრებას ითვალისწინებს.