ირანთან შეთანხმების ხელმოწერის შესაძლო ცერემონიისთვის მოსამზადებლად ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები გაგზავნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, აშშ-ის საჰაერო ძალების ოთხი C-17 ტიპის თვითმფრინავი 11 ივნისს ევროპაში გაფრინდა, რათა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის შესაძლო გამგზავრებისთვის აღჭურვილობა გადაეტანათ ჟენევაში მომდევნო დღეებში დაგეგმილ ხელმოწერის ცერემონიაზე.
„აქსიოსის“ წყაროების თქმით, წინასწარი შეთანხმება 10 ივნისის ღამით იქნა მიღწეული კატარის შუამავალს, ალი ალ-თავადისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შორის საათობით მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ. ორი წყაროს ცნობით, თეირანში გამართული მოლაპარაკებების დროს ალ-თავადი რამდენჯერმე ესაუბრა ტელეფონით დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს – სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს.
„აქსიოსის“ თანახმად, ტრამპის განცხადება, რომ შეთანხმება მიღწეულია, მოულოდნელი იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის. ურთიერგაგების მემორანდუმის თანახმად, ირანი თავის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გარკვეულ ვალდებულებებს აიღებს, პირველ რიგში, რომ არასდროს ექნება ბირთვული იარაღი და მოაგვარებს გამდიდრებული ურანის ირგვლივ არსებულ ჩიხს.
აშშ-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მტკიცებით, ტრამპი დაეთანხმა, რომ საკითხის გადაჭრის ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ირანის მაღალგამდიდრებული ურანის გამოფიტვა ირანის ტერიტორიაზე გაერო-ს ინსპექტორების მეთვალყურეობით. დიპლომატმა განაცხადა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი „დეტალებში განიხილავს ყველა ბირთვულ საკითხს“ და „აკმაყოფილებს აშშ-ის ყველა მოთხოვნას“. ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნას გადასახადების გარეშე, 30 დღის განმავლობაში ომამდელი გადაზიდვების მოცულობის დაბრუნებას.
სანაცვლოდ, აშშ-ის ბლოკადაც მოიხსნება. გეგმის თანახმად, სანქციების შემსუბუქება გაგრძელდება, თუ ირანი დაიცავს საწყის შეთანხმებას და შემდგომ მოლაპარაკებებში „კეთილსინდისიერებას“ გამოიჩენს.
„სანქციების შემსუბუქების კონკრეტული თარიღი არ არსებობს და ის შეთანხმების შესრულებასთან იქნება დაკავშირებული“, – განაცხადა დიპლომატმა.
გაურკვეველია, შეიცავს თუ არა ტექსტი დეტალურ ახსნას, რა მოხდება საზღვარგარეთ გაყინულ ირანის მილიარდობით დოლართან დაკავშირებით. ირანი დაჟინებით მოითხოვს, რომ ნებისმიერი საწყისი შეთანხმების ხელმოწერისთანავე გარკვეული თანხა დაუყოვნებლივ მიიღოს, აშშ-მა კი განაცხადა, რომ ის ტრანშებად გაიცემა შეთანხმებების შესრულების საფუძველზე. აშშ-ის ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ გაყინული თანხების საკითხი, შესაძლოა, საიდუმლო გვერდითი შეთანხმებით გადაწყდეს.