აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის გუშინდელ გამოსვლაზე, რომელშიც მან, ფაქტობრივად, უარი განაცხადა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე 12 მაისიდან. ნაცვლად ამისა, რუსი დიქტატორი 15 მაისს სტამბულში მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით გამოვიდა.

თავის სოციალურ ქსელში TruthSocial-ში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა დაწერა, რომ ეს არის „პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის“ და გამოთქვა იმედი, რომ ომი საბოლოოდ დასრულდება.

"იფიქრეთ ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლეზე, რომელიც გადარჩება, როდესაც ეს დაუსრულებელი სისხლისღვრა, იმედია, დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და ბევრად უკეთესი სამყარო", - დაწერა მან.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ გააგრძელებს ორივე მხარესთან მუშაობას შედეგების მისაღწევად.

თურქეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის დაცვის მონიტორინგის პროცესში. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომელიც დისტანციურად ესწრებოდა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას.

ონლაინ შეხვედრისას ჰაკან ფიდანმა ხაზი გაუსვა თურქეთის ერთგულებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამასთან, ფიდანმა გამოხატა ანკარას მხარდაჭერა უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მიმართ.

როგორც თურქული მედია წერს, ფიდანმა გამოთქვა თურქეთის მზადყოფნა შეასრულოს თავისი მოვალეობები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგში.

ცნობისთვის, „მსურველთა კოალიცია“ მოუწოდებს რუსეთს, 12 მაისიდან დათანხმდეს უპირობო ცეცხლის შეწყვეტას 30 დღის ვადით.