ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დაადგინა, რომ პოლონეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაარღვია, როდესაც მკვეთრად შეზღუდა აბორტზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის - განვითარების დეფექტების მქონე ნაყოფის შემთხვევებში.
პოლონეთის საინფორმაციო სააგენტო PAP-ის ცნობით, სასამართლომ ერთხმად მიიჩნია, რომ დაირღვა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლი, რომელიც პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას შეეხება.
ასე გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლო ECHR-ში ერთ-ერთი კრაკოველი ქალბატონის მიერ შეტანილ საჩივარს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი მან მას შემდეგ შეიტანა, რაც პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის ოქტომბერში არაკონსტიტუციურად გამოაცხადა კანონი, რომელიც განვითარების დეფექტების მქონე ნაყოფის აბორტს უშვებდა. ამგვარად, პოლონეთში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ნებადართული დარჩა მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ან ჩასახვა გაუპატიურების ან ინცესტის შედეგია.
კრაკოველი ქალბატონის საჩივრის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროს, ის 15 კვირის ორსული იყო. სამედიცინო გამოკვლევებმა ნაყოფში სერიოზული ანომალიები გამოავლინა და ქალბატონმა აბორტის გაკეთება გადაწყვიტა, რისთვისაც ნიდერლანდებში, კერძო კლინიკაში გაემგზავრა. მე-8 მუხლის გარდა, მისი საჩივარი ასევე ეხებოდა მე-3 მუხლის დარღვევას, რომელიც წამებასა და არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას კრძალავს.
აბორტის საკითხის გამო, პოლონეთის მთავრობა კრიზისმა მოიცვა (ჩეხურ ენაზე)
პოლონეთმა კრაკოველ ქალბატონს 16 000 ევრო უნდა გადაუხადოს
ECHR-მა კრაკოველი ქალბატონის საჩივარი მხოლოდ მე-8 მუხლთან დაკავშირებით დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ პოლონეთის მიერ აბორტზე დაწესებულმა შეზღუდვებმა ამ ქალბატონის უფლებები შეზღუდა. უფრო მეტიც - აბორტის შესახებ 2020 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის იანვრის ბოლომდე არ გამოუქვეყნებია, რამაც „ამ სფეროში მნიშვნელოვანი სამართლებრივი გაურკვევლობა გამოიწვია“. ECHR-მა დაადგინა, რომ პოლონეთმა დაზარალებულს მატერიალური ზიანისთვის 1 495 ევროს ოდენობის კომპენსაცია, ხოლო არამატერიალური ზიანისთვის - 15 000 ევრო უნდა გადაუხადოს.
პოლონეთის კანონმდებლობა, რომელიც აბორტის საკითხს შეეხება, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია. მან საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროკავშირისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის (CEDAW) გაერო-ს კომიტეტის მხრიდან, ფართო კრიტიკა გამოიწვია. ისინი აცხადებენ, რომ ოფიციალური ვარშავის პოლიტიკა ქალთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს.
ECHR-ი, რომელიც ევროკავშირის ორგანო არ არის, განიხილავს კერძო პირების ან სახელმწიფოების საჩივრებს სამოქალაქო, ადამიანისა და პოლიტიკური უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც 1950 წლის „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაშია“ გაწერილი.
ტეხასის შტატი, თავისი ტერიტორიის გარეთ, აბორტის აბების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს (ჩეხურ ენაზე)
წყარო: 1 არხი