მზის სისტემის გარე ნაწილში ახლახან აღმოჩენილი გამრუდება შეიძლება წარმოქმნილი იყოს პატარა, კლდოვანი პლანეტის მიერ, რომელიც მზესთან იმაზე გაცილებით ახლოს უნდა იყოს, ვიდრე ჰიპოთეტური მეცხრე პლანეტა.

კოიპერის სარტყლის სიბრტყის ახალი გაზომვების თანახმად, მოულოდნელი, 15-გრადუსიანი დახრილობა სარტყლის ზოგიერთი ობიექტის ორბიტულ განლაგებაში, შეიძლება გამოწვეული იყოს პლანეტის გავლენით. კოიპერის სარტყელი არის ყინულოვან ობიექტთა ვრცელი რეგიონი ნეპტუნს გადაღმა.

„ერთი ახსნაა უხილავი პლანეტის არსებობა, რომელიც სავარაუდოდ დედამიწაზე პატარა, მაგრამ მერკურიზე დიდია და მზის სისტემის გარე ნაწილში მოძრაობს. ეს კვლევა არ წარმოადგენს პლანეტის აღმოჩენას, არამედ არის აღმოჩენა თავსატეხისა, რომლის სავარაუდო ამოხსნაც პლანეტაა“, — ამბობს პრინსტონის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ამირ სირაჯი.

სინამდვილეში, ნეპტუნის ორბიტის გადაღმა ობიექტების დანახვა ძალიან რთულია. მზისგან ასე შორს, გაბრტყელებულ, დონატის ფორმის კოიპერის სარტყელში მდებარე ობიექტები ძლიერ ცოტა მზის სინათლეს ირეკლავენ; ამავე დროს, ისინი უკიდურესად ცივებია და შესაბამისად, არც თერმულ (ინფრაწითელ) რადიაციას გამოყოფენ.

დაახლოებით ვიცით, რა არის იქ, მაგრამ კონკრეტულობა უფრო ბუნდოვანია. თუკი პლუტონის ორბიტის გადაღმა, დაახლოებით 40 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე პლანეტები მოძრაობს, მათი პოვნა ადვილი არ იქნება. ნებისმიერი ასეთი პლანეტა ძლიერ პატარა და ბნელი იქნება და თუკი არ ვიცით, ცის ზუსტად რომელ მონაკვეთში მოძრაობს ნებისმიერ მოცემულ მომენტში, მათი დაფიქსირების შანსი არ გვაქვს.

თუმცა, იმედი ბოლომდე დაკარგული არ არის. ნეპტუნი 1846 წელს აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც ასტრონომებმა მისი მდებარეობა ურანის ორბიტის თავისებურებების საფუძველზე დაადგინეს. პლუტონი 1930 წელს აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც ასტრონომებმა ნეპტუნისა და ურანის ორბიტების უცნაურობათა საფუძველზე გამოთვალეს მისი ადგილმდებარეობა. ორბიტული მდებარეობის დადგენა ძალიან ბევრ დროს მოითხოვს.

ჩვენი ტექნოლოგიების გაუმჯობესებასთან ერთად, უმჯობესდება კოიპერის სარტყლის დეტალური აღწერის შესაძლებლობებიც; მეცნიერთა აზრით, კოიპერის სარტყელი 30-დან 50 ასტრონომიულ ერთეულამდე მანძილზეა გადაჭიმული. და თუკი იქ რაიმე უხილავი პლანეტაა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში იმალებოდა, ნებისმიერი უცნაურობა კოიპერის სარტყელში, შეიძლება მისი არსებობის მანიშნებელი იყოს.

სირაჯმა და მისმა კოლეგებმა, პრინსტონის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსებმა, კრისტოფერ ჩიბამ და სკოტ ტრემიანემ, კოიპერის სარტყლის სიბრტყის გამოსათვლელად გამოიგონეს ახალი მეთოდი, რომელიც გამორიცხავს დაკვირვებითი მიკერძოების ეფექტებს.

ვრცლად პირველ არხზე