შრომის ბაზარზე კადრების დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემა შეიძლება მოგვარდეს. ამის შესაძლებლობას იძლევა რეგიონებში უმაღლესი სასწავლებლების როლის გაძლიერება, რაც განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიმართულებაა. დიდი ალბათობით, გადაწყვეტილება რეგიონებს ეკონომიკურად უფრო აქტიურს გახდის და წარმოების განვითარებასაც გარკვეულწილად ხელს შეუწყობს.
პრემიერის გახმოვანებული რეფორმა მოიცავს ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა უმაღლეს სასწავლებელში ბაკალავრიატის სწავლების ხანგრძლივობის შემცირება, რაზეც სპეციალისტების მხრიდან არაერთგვაროვანი მოსაზრებებია. ნაწილი თვლის, რომ გადაწყვეტილება სწორია, ნაწილიც განათლების სფეროს ხარვეზად მიიჩნევს და არსებული მდგომარეობის გაუარესების ნიშნებს ხედავს.
როგორც ცნობილია, 16 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა. მისი ინფორმაციით იგეგმება, რომ ერთი ფაკულტეტი შეიქმნილი ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, თბილისთან ერთად უნდა გაჩნდეს მეორე ძირითადი საუნივერსიტეტო კერა და ეს იქნება ქუთაისი. ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სკოლებში 11-წლიანი სასწავლო პროგრამა იქნება, ხოლო ბაკალავრიატი 3 წლამდე შემცირდება, მაგისტრატურა კი - 1 წლამდე.
მმართველი გინდის დაანონსებულ განათლების რეფორმას დადებითად აფასებს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე, რომლის ინფორმაციითაც, მუშაობა ამ მიმართულებით გაცილებით ადრე დაიწყო და ბაკალავრიატის სამწლიანი პროგრამა ზოგიერთი სპეციალობისთვის უკვე შემუშავებულიცაა.
უმაღლესი სასწავლებლების რეგიონებში განვითარებას აკადემიკოსი პოზიტიურად უყურებს და ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილება შეუწყობს ხელს შრომის ბაზარზე დადებით დინამიკას, სადაც კადრების დეფიციტია, სულ სხვა საჭიროებები არსებობს და სერიოზული დისბალანსია ბაზრის მოთხოვნასა და პროფესიების არჩევანს შორის.
,,ბაკალავრიატის სამწლიან პროგრამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია ჩვენს ქვეყანაში. სანამ კონცეფცია გამოქვეყნდებოდა, ცალკეული სპეციალობები არის უკვე სამწლიან პროგრამაზე გადასული, მაგალითად, ბიზნესის ადმინისტრირება, ასევე ერთწლიანი მაგისტრატურაც. ბევრ ქვეყანაში ეს სისტემა არსებობს და შესაძლებელია ჩვენს გავავიდეთ ამ სტანდარტზე, ამიტომ გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვს ვერ შევიტან.
რაც შეეხება რეგიონებთან მიმართებაში უმაღლესი სასწავლებლების როლს, ზოგადად ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი იშვიათია, სადაც მოსახლეობის ლამის ნახევარი დედაქალაქში ცხოვრობს. უფრო მეტი განათლების დონე და განვითარების საშუალება ქალაქადაა, მაგრამ ასე გაგრძელება შედეგს ვერ მოიტანს, თუკი რეგიონებიც არ განვითარდებიან. ეს ზოგადი ტენდენცია აუცილებელია, როცა სწავლა გადანაწილდება, შიდა დემოგრაფიული გადადგილებაც შემცირდება. რაც სწრაფად შევძლებთ ამ მიმართულებით სვლას, ქვეყნისთვისაც სჯობია და ჩვენი მოსახლეობისთვისაც. გადაწყვეტილება შეუწყობს ხელს შრომის ბაზარზე დადებით დინამიკას, სადაც კადრების მწვავე დეფიციტია. ვფიქრობ, განათლების რეფორმა რეგიონების ეკონომიკურ გააქტიურებას გამოიწვევს", - განუცხადა,,ბიზნეს-რეზონანსს" აკადემიკოსმა.
მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოსთან ერთად, კერძო უნივერსიტეტებიც ახალ სისტემაზე გადაერთონ და რეგიონების პოპულარიზაციას შეუწყონ ხელი, რისი გამოცდილებაც სწორედ ევროპულ სახელმწიფოებშია.
,,ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიის თითქმის ყველა წამყვან ქალაქში უმაღლესი სასწავლებელია. ამას სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი, რასაც უნდა მიჰყვეს კერძო სექტორიც. როგორც წესი, აქ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს სასწავლებლებზეა საუბარი, მაგრამ თუ რესურსები ისე გადანაწილდება, სადაც ბიუჯეტი აუცილებელ სპეციალობებს დააფინანსაებს, რეფორმა დიდ შედეგს მოიტანს.
თავისთავად ცხადია, პირველ რიგში, მოთხოვნა და მაღალი დონის სწავლება უნდა იყოს. სპეციალობა, რაც ახლა თბილისში უნდა მიიღოს სტუდენტმა, უფრო ახლომდებარე ქალაქში ექნება, თან ოჯახთან სიახლოვეს შეინარჩუნებს. ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილებაა ის, რომ სახელმწიფომ რეალურად აქცენტი გააკეთა ახალგაზრდა კადრების მომზადებასა და სწავლების დაფინანსებაზე, ამაში გასაკვირს არაფერს ვხედავ.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პერსონალის საკითხიც, ძლიერი კადრი ძირითად უმაღლეს სასწავლებელში უნდა იყოს, კვალიფიკაციის ამბავიცაა, თუ ერთ ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება ღირსეული ანაზღაურება, პერსონალიც ერთ უმაღლეს სასწავლებელზე იქნება კონცენტრირებული, რაც სწავლების ხარისხზეც დადებითად აისახება ", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ავთო სილაგაძემ.
რეგიონებთან დაკავშირებით განათლების რეფორმას ეთანხმება განათლების ექსპერტი, აკადემიკოსო ზურაბ ვახანია, თუმცა სწავლების ხანგრძლივობის შემცირებას რეფორმის ხარვეზად მიჩნევს და ცვლილების კატეგორიული წინააღმდეგია.
,,ეს რეფორმა არ არის, შევარდნაძის დროს იყო ტერმინი სეკვესტრი, ანალოგიურ ასოციაციას იწვევს. მცირდება დაფინანსება, ერთი წელი სკოლას მოაკლდა, ერთი წელი - ბაკალავრიატს, ერთი წელი - მაგისტრატურას, რითაც დაფინანსება შეამცირეს. გარკვეული ფაკულტეტები თუ შეიკვეცება, პრესტიჟულ რაიონებში მდებარე შენობებიც გამოთავისუფლდება და გაიყიდება, ესეც უნდა იყოს გარკვეული მიზეზი, სამი წლით რომ შეამცირებ ისედაც წყალწაღებულ განათლებას, გადაწყვეტილება კარგ მიზანს არ ემსახურება.
არავინ ითვალისწინებს, რომ ახალი ნაკადები პანდემიაგამოვლილი ბავშვები არიან, რომლებსაც სწავლებაში წელიწადნახევარი ისედაც ჩაუვარდათ. სულ ვამბობდი, რომ ერთი წელიწადი უნდა დაემატოს-მეთქი, რა ჩავარდნაც იყო, არ გამოსწორებულა, მაგრამ არავის ახსოვს. ჩვენი სასკოლო განათლების დონე იმდენად დაბალი დონისაა, რომ 3-წლიანი უმაღლესი განათლება სავსებით არასაკმარისია. ისეთი მდგომარეობაა, რომ პირველკურსელთან მუშაობა მეშვიდე-მერვე კლასის პროგრამის დონეზე უნდა დაიწყოს, უმძიმესი ვითარებაა", - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ზურაბ ვახანიამ.
რაც შეეხება უმაღლესი სასწავლებლების რეიონებში გადატანის საკითხს, აკადემიკოსი ამას სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს და იშველიებს ევროპულ გამოცდილებას, რაც სწორედ პატარა ქალაქებში განათლების როლის გაძლიერებას ემსახურება.
,,ის, რომ რეგიონებზე გააკეთეს აქცენტი, სწორია. დედაქალაქში სტუდენტების რაოდენობა მკვეთრად უნდა შემცირდეს. რეგიონებში უნივერსიტეტების როლის და გარკვეული პროფილის გაძლიერება საჭიროების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია. რეგიონების განვითარება აუცილებელია, ისიც სწორია, რომ მთელი უმაღლესი განათლების 90% თბილისში არ უნდა იყოს თავმოყრილი. ევროპაში პატარა ქალაქებში ძალიან ძლიერი საუნივერსიტეტო კერებია. იქ ვითარდება განათლების სექტორი და თუ გადმოვიღებთ და დავამკვიდრებთ ტრადიციას, ნამდვილად სწორი მიდგომა იქნება", - აღნიშნა აკადემიკოსმა ჩვენთან საუბრისას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმაღლესი განათლების რეფორმის გეგმის პირველი ნაწილი ერთ წელიწადში შესრულდება. მთავრობის მიზანია, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს იგივე ხარისხის უმაღლესი განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის, რასაც ისინი იღებენ დღეს სხვა ქვეყნებში.
„შემდეგი სასწავლო წლისთვის უკვე მზად ვიქნებით იმისათვის, რომ გადავიდეთ მე-2 ეტაპზე. რაც შეეხება კონცეფციის სრულ განხორციელებას, თავისი ინფრასტრუქტურის ნაწილით და სხვადასხვა კომპონენტით, ამას დასჭირდება დაახლოებით 3-4 წელიწადი“, - განაცხადა კობახიძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება პირველ ეტაპზე დაგეგმილ ნაბიჯებში.