პირველად ხუთი საუკუნის შემდეგ: ბრიტანეთის მეფე რომის პაპთან ერთად ილოცებს

მეფე ჩარლზ III ოთხშაბათს ვატიკანში სახელმწიფო ვიზიტით გაემგზავრა, სადაც ის პაპ ლეო XIV-ს შეხვდება და ისტორიაში შევა, როგორც ანგლიკანური ეკლესიის პირველი მეთაური, რომელიც 500 წლის წინ ეკლესიებს შორის მომხდარი განხეთქილების (სქიზმის) შემდეგ, პონტიფიკოსთან ერთად საჯაროდ ილოცებს. ვიზიტი ბრიტანეთის მეფისთვის დელიკატურ დროს ემთხვევა - ახალი სკანდალური ცნობები გავრცელდა მისი ძმის, პრინც ენდრიუს შესახებ, რომელიც გარდაცვლილი ამერიკელი სექსუალური მოძალადის, ჯეფრი ეპშტეინის გარშემო ატეხილ სკანდალშია გახვეული. ჩარლზი და დედოფალი კამილა ლეოს პირველად შეხვდებიან მას შემდეგ, რაც მან მაისში გარდაცვლილი პაპი ფრანცისკე შეცვალა. ხუთშაბათს, ჩარლზი და ლეო ერთად ილოცებენ. ეს პირველი ასეთი საჯარო რელიგიური რიტუალი იქნება მას შემდეგ, რაც ჰენრი VIII კათოლიკურ ეკლესიას გამოეყო. საეკლესიო განხეთქილების მიზეზი კი ის გახდა, რომ მაშინდელმა პაპმა ესპანელ პრინცესა კატალინა არაგონელთან მისი ქორწინების ანულირებაზე უარი თქვა.

მეფე ჩარლზის დედა, გარდაცვლილი დედოფალი ელისაბედ II 1961 წელს გახდა პირველი ბრიტანელი მონარქი, რომელიც XVI საუკუნეში მომხდარი განხეთქილების შემდეგ წმინდა საყდარს ეწვია. „მეფის ორდღიანი ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან მომენტს კათოლიკურ და ინგლიკანურ ეკლესიებს შორის ურთიერთობებში, რომლის უზენაესი მმართველიც მისი უდიდებულესობაა“, –ნათქვამია ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ხუთშაბათის ეკუმენური მსახურება სიქსტეს კაპელაში, მიქელანჯელოს ნახატებით შემკულ ბრწყინვალე ჭერქვეშ გაიმართება. მისი მთავარი თემა გარემოს დაცვა და შენარჩუნებაა - ეს არის საქმე, რომელსაც ჩარლზმა მთელი თავისი მოღვაწეობა მიუძღვნა.

ბრიტანელი მეფის რომის პაპთან სტუმრობისას, კათოლიკური და ანგლიკანური ტრადიციები გაერთიანდა - რიტუალში მონაწილეობენ როგორც სიქსტეს ტაძრის კაპელას მომღერალთა გუნდი, ასევე დიდი ბრიტანათის მეფე-დედოფლის ერთ-ერთი რეზიდენციის, უინძორის სასახლეში მდებარე სენტ ჯორჯის სამლოცველოს გუნდი.

„სულიერი ზიარება“

„ეს ისტორიული მოვლენაა, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მეფე ინგლისის ეკლესიის უზენაესი მმართველია და კანონით მოეთხოვება, იყოს პროტესტანტი“, - ამბობს „ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტის“ თეოლოგიის პროფესორი, უილიამ გიბსონი. „1536-დან 1914 წლამდე, გაერთიანებულ სამეფოსა და წმინდა საყდარს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობდა და მისია საელჩოს დონეზე მხოლოდ 1982 წელს ამაღლდა“, - განუცხადა მან სააგენტო „ფრანს პრესს“. ჩარლზი და დედოფალი კამილა ასევე მონაწილეობას მიიღებენ რომის კედლებს მიღმა წმინდა პავლეს ბაზილიკაში (Basilica of Saint Paul Outside the Walls) გამართულ ეკუმენურ რელიგიურ მსახურებაში. ეს ამ ვიზიტის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია და მის მიზანს ანგლიკანურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის კავშირების ხაზგასმა წარმოადგენს. ვატიკანში ვიზიტის დროს, მეფე ოფიციალურად გახდება ბაზილიკის მიმდებარე სააბატოს „სამეფო კონფრატერი“ (Royal Confrater). ეს წარმოადგენს ჟესტი, რომელიც ბუკინგემის სასახლემ აღწერა, როგორც ორ კონფესიას შორის „სულიერი ზიარების“ აღიარება.

ბაზილიკაში ჩარლზ III-სთვის სპეციალურად შექმნილი სავარძელი დამონტაჟდება და ის ვიზიტის შემდეგაც შენარჩუნდება, რათა მომავალში ბრიტანელი მონარქების სტუმრობის დროს გამოიყენონ. ვიზიტი ემთხვევა კათოლიკური ეკლესიის საიუბილეო წლისთვის მზადებას, რომელიც ყოველ 25 წელიწადში ერთხელ იმართება და მილიონობით პილიგრიმს იზიდავს ვატიკანში. ის ასევე ეწყობა აწ გარდაცვლილი ვირჯინია ჯუფრეს მემუარების გამოქვეყნებიდან ერთი დღის შემდეგ, რომელშიც ნათქვამია, რომ ეპშტეინის მიერ განხორციელებული ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო და აიძულეს, სამჯერ ჰქონოდა სექსი მეფის უმცროს ძმასთან, პრინც ენდრიუსთან, მათ შორის ორჯერ, როდესაც მხოლოდ 17 წლის იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ენდრიუმ პარასკევს, ჩარლზის ზეწოლის ქვეშ, გამოაცხადა, რომ იორკის ჰერცოგის ტიტულზე უარს იტყვის. აღსანიშნავია, მან 2019 წელსაც დაიხია უკან სამეფო მოვალეობებისგან.

პარალელურად, 76 წლის მეფე აგრძელებს კიბოს მკურნალობას, რომლის შესახებაც საჯაროდ 2024 წლის დასაწყისში გახდა ცნობილი. მონარქისთვის ვატიკანი უცხო ადგილი არ არის, ის წარსულში რამდენჯერმე ეწვია წმინდა საყდარს. ჩარლზი და კამილა 9 აპრილს, პონტიფიკოსის გარდაცვალებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, იტალიაში სახელმწიფო ვიზიტის დროს, პირადად შეხვდნენ პაპ ფრანცისკეს.

წყარო: 1 არხი