აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) პოპულარული დიაბეტისა და წონის კლების მედიკამენტების მწარმოებლებს ავალდებულებს, პრეპარატების ინსტრუქციებსა და ეტიკეტებზე მხედველობის დაკარგვის იშვიათი, თუმცა სერიოზული რისკის შესახებ გაფრთხილება დაამატონ. გადაწყვეტილება ეხება ისეთ ფართოდ გამოყენებულ მედიკამენტებს, როგორებიცაა Ozempic, Wegovy, Mounjaro და Zepbound. ამის შესახებ FDA-ის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით Reuters წერს.

მარეგულირებელი ორგანოს შეფასებით, GLP-1 ჯგუფის პრეპარატების გამოყენება შესაძლოა დაკავშირებული იყოს არაარტერიულ წინა იშემიურ ოპტიკურ ნეიროპათიასთან (NAION) — იშვიათ დაავადებასთან, რომელიც მხედველობის ნერვის წინა ნაწილის სისხლით მომარაგების შემცირებით ვითარდება. მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს ერთ თვალში მხედველობის უეცარი, უმტკივნეულო გაუარესება და ზოგიერთ შემთხვევაში მხედველობის მუდმივი დაკარგვაც.

FDA-ის მიერ ჩატარებული 126 კლინიკური კვლევის ანალიზმა, რომელშიც 134 253 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ GLP-1 პრეპარატების მომხმარებლებში NAION-ის 100 000 ადამიან-წელზე 6.4 შემთხვევა დაფიქსირდა, საკონტროლო ჯგუფში კი — 3.8. სააგენტოს შეფასებით, არსებული მონაცემები შესაძლო გაზრდილ რისკზე მიუთითებს, თუმცა მედიკამენტებსა და დაავადებას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი საბოლოოდ დადგენილი არ არის.

FDA პაციენტებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ მხედველობის უეცარ გაუარესებას, თვალში ბრმა ლაქების გაჩენას, ფერების აღქმის ცვლილებასა და მხედველობის სხვა დარღვევებს. მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. სააგენტო ასევე რეკომენდაციას აძლევს მედიკოსებს, NAION-ის დადასტურების შემთხვევაში განიხილონ პრეპარატის შეწყვეტის საკითხი, თუ მკურნალობის სარგებელი შესაძლო რისკს აშკარად არ აღემატება.