დიდი ბრიტანეთის მთავრობა განიხილავს, გავრცელდეს თუ არა 16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვა ისეთ ონლაინსავაჭრო პლატფორმებზეც, როგორებიცაა Vinted და eBay. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა ლიზა ნენდიმ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ხელისუფლება ამ საკითხს სერიოზულად განიხილავს ბავშვების ონლაინუსაფრთხოების დაცვის მიზნით. შეშფოთების ერთ-ერთი მიზეზი პლატფორმებზე არსებული პირადი მიმოწერის ფუნქციაა, რომლის საშუალებითაც უცნობ პირებს ბავშვებთან დაკავშირება და მათი ნდობის მოპოვება შეუძლიათ.

ბრიტანეთის მთავრობა 16 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვის ამოქმედებას 2027 წლის მარტიდან გეგმავს. ამჟამად განიხილება, დაემატება თუ არა შეზღუდულ პლატფორმებს მეორადი ნივთებით ვაჭრობის საიტებიც, მათ შორის Depop და Facebook Marketplace.

Ofcom-ის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში 8-14 წლის ბავშვების 19% ყოველთვიურად eBay-ს იყენებს, Vinted-ს კი - 15%. საბოლოო გადაწყვეტილება პლატფორმების ჩამონათვალთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ არის.