ორსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანამ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა. ინფორმაციას ორენბურგის ოლქის გუბერნატორი, ევგენი სოლნცევი ავრცელებს.

„დაზიანების გამომწვევმა ელემენტებმა საკვანძო ინფრასტრუქტურას მიაღწია, რომლის აღდგენის შესაძლებლობაც ამ ეტაპზე არ არსებობს“, – განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ქარხანაში იმპორტირებული აღჭურვილობა იყო დამონტაჟებული, რომლის ჩანაცვლებაც საერთაშორისო სანქციების პირობებში რთულია.

ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნავს, რომ სარემონტო სამუშაოებს, შესაძლოა, ექვსი თვე დასჭირდეს. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ რეგიონი „ყველაზე უარესი სცენარისთვის“ ემზადება. მისი განცხადებით, საჭირო გახდება საწვავის სხვა რეგიონებიდან შემოტანა.

„ლოგისტიკის გადართვის პროცესი უკვე მიმდინარეობს. რეგიონში არსებული 287 ავტოგასამართი სადგურიდან ამჟამად 80% მუშაობს. დღეს პრიორიტეტი სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტია“, – განაცხადა გუბერნატორმა.

ევგენი სოლნცევის თქმით, ამჟამად რეგიონში ავტოგასამართ სადგურებზე მდგომარეობა „ყველგან მარტივი არ არის, თუმცა კონტროლირებადია“.

ცნობისთვის, ორსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონები 11 აგვისტოს ღამით დაესხნენ თავს. უკრაინული მონიტორინგის არხების ინფორმაციით, „ორსკნეფტეორგსინთეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი დაზიანდა.

პირველი არხი