აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობის ფონზე აზიურ ბაზრებზე ნავთობის ფასი 2%-ით გაიზარდა.
ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობის გამო Brent Crude 2.1%-ით გაძვირდა და ბარელზე 93.02 დოლარს მიაღწია, ხოლო ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი 2.6%-ით გაიზარდა და 89.61 დოლარი გახდა.
„გარდიანის“ ცნობით, აშშ-ში ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნების წინ დონალდ ტრამპი მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რათა ჰორმუზის სრუტე გახსნას და საწვავის ფასები შეამციროს, რადგან ფასების ზრდით უკმაყოფილო ამომრჩევლების რაოდენობა იზრდება. ამავე დროს, ტრამპს საკუთარ პარტიაში ირანისადმი მკაცრი პოლიტიკის მომხრეების მხრიდან უკმაყოფილების რისკიც ემუქრება, თუ ვაშინგტონი თეირანის მიმართ რაიმე დათმობაზე წავა.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-სა და ირანს შორის უთანხმოება რამდენიმე საკითხზე არსებობს, მათ შორის თეირანის მოთხოვნაზე, რომ მოიხსნას სანქციები და გათავისუფლდეს უცხოურ ბანკებში გაყინული ირანული ნავთობის გაყიდვებიდან მიღებული მილიარდობით დოლარი.