ამ მომენტისთვის, გლობალური პოლიტიკა განსაკუთრებით თანამშრომლობითი არ ჩანს, მაგრამ საინტერესოა, რომელი ქვეყანა შეძლებს საკუთარი თავის თავადვე გამოკვებას, თუკი შეჩერდება სურსათის ყველა საერთაშორისო ვაჭრობა?
ახალი კვლევის თანახმად, მსოფლიოში მხოლოდ ერთი ასეთი ქვეყანაა.
გერმანიის ქალაქ გეტინგენის უნივერსიტეტისა და ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 186 ქვეყნის სურსათის წარმოება შეისწავლეს. შედეგებმა ცხადყო, რომ გაიანა ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შეიძლება სრულიად თვითკმარი იყოს საკვების იმ შვიდი მთავარი ჯგუფის თვალსაზრისით, რომელზეც კვლევის ფარგლებში ფოკუსირდნენ.
მეორე ადგილზე გავიდნენ ჩინეთი და ვიეტნამი — ისინი საკმარის საკვებს აწარმოებენ, რათა დააკმაყოფილონ თავიანთ მოსახლეობის საჭიროებები საკვების შვიდიდან ექვს კატეგორიაში.
ყოველი შვიდიდან მხოლოდ ერთი ქვეყანა აკმაყოფილებს კვოტას საკვების ხუთ ან მეტ ჯგუფში, მესამედი კი თვითკმარია ორ ან ნაკლებ ჯგუფში. საკვების არცერთ ჯგუფში არ გააჩნია თვითკმარობა ექვს ქვეყანას — ავღანეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ერაყს, მაკაუს, კატარსა და იემენს.
მცირედი სხვაობების მიუხედავად, მრავალი ქვეყნისგან შედგენილმა ეკონომიკურმა კავშირებმა მსგავსი მახასიათებლები აჩვენა.
მაგალითად, სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო ახლო აღმოსავლეთში, თვითკმარობას მხოლოდ ხორცში აღწევს, დასავლეთ აფრიკისა და კარიბის ზღვის რეგიონებში არსებული კავშირები კი მხოლოდ ორ ჯგუფში. არცერთი ეკონომიკური კავშირი არ აწარმოებს მთლიანი მოსახლეობის გამოსაკვებად საკმარის ბოსტნეულს.