მარკეტინგულმა საკონსულტაციო ფირმა Resonance Consultancy-მა, 2025 წლისთვის, საცხოვრებლად, სამოგზაუროდ და სამუშაოდ საუკეთესო ქალაქების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ყოველწლიური ანგარიში 30 ქვეყნიდან 21 000-ზე მეტი ადამიანის გამოკითხვის შედეგებს ეფუძნება და 270-ზე მეტ მილიონიან ქალაქს მოიცავს, რომლებიც რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით ფასდება.

მიღებული შედეგების შესაფასებლად, Resonance-ი სამ ძირითად ურთიერთდამაკავშირებელ კრიტერიუმს იყენებს, ესენია: საცხოვრებლად ვარგისობა, მიმზიდველობა და კეთილდღეობა. თითოეული მათგანი ჩაშლილია ქვეკატეგორიებად, მაგალითად,  საცხოვრებლად ვარგისობა მოიცავს ისეთ მეტრიკებს, როგორიცაა ჰაერის ხარისხი, ფეხით სიარულის შესაძლებლობა, ცხოვრების დონე; მიმზიდველობა ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა პოპულარობა Google Trends-ზე, TikTok-ის ვიდეოების რაოდენობა, ღამის ცხოვრება, მუზეუმები და სხვა; ხოლო კეთილდღეობაში გადის ბიზნესეკოსისტემა, უმუშევრობის დაბალი დონე, მსხვილი კომპანიების რაოდენობა, ეკონომიკური წარმოება.

Resonance-ის ხელმძღვანელის, კრის ფეარის განცხადებით, რეიტინგის ლიდერი ქალაქები არა მხოლოდ ადაპტირდებიან არსებულ ვითარებასთან, არამედ თავად აყალიბებენ ურბანული სრულყოფილების ახალ მოდელებს. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის დასრულების შემდგომ პერიოდში, როდესაც საერთაშორისო მოგზაურობის რაოდენობა სწრაფად იზრდება, დისტანციური მუშაობის პრაქტიკა კი ადამიანების მიერ საცხოვრებელი ქალაქის შერჩევაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ზედიზედ უკვე მე-11 წელია, Resonance-ის ანგარიშით, საცხოვრებლად, სამუშაოდ და სამოგზაუროდ საუკეთესო ქალაქად ლონდონი სახელდება. კეთილდღეობისა და მიმზიდველობის ინდექსით ლონდონი მეორე პოზიციას იკავებს, საცხოვრებლად კი – მესამე ადგილს. მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია, რომ აეროპორტებისა და მსხვილი კომპანიების რაოდენობის მხრივ გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი პირველ ადგილზეა.

ლონდონი ასევე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქად ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და აქ მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნების რეკორდული რაოდენობის გამოც სახელდება. საერთო შეფასებით, ლონდონი რეიტინგის სათავეშია და Resonance-ი მას „დედაქალაქების დედაქალაქს“ უწოდებს.

სამივე ინდექსის გათვალისწინებით, დაახლოებით ლონდონის მსგავსი შეფასებებით, მეორე ადგილი დაიკავა ნიუ-იორკმა. ანგარიში ნიუ-იორკის შემთხვევაში აეროპორტებისა და საჯარო პარკების რეკონსტრუქციასა და კულტურულ იმპულსზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის ქალაქი თეატრებისა და კონცერტების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ხოლო მუზეუმების რაოდენობით – ხუთეულში.

Resonance-ის რეიტინგის სამეულს კი საფრანგეთის დედაქალაქი ასრულებს. 2024 წლის ოლიმპიური თამაშების წინ, პარიზმა მასშტაბური ინვესტიციები განახორციელა სუფთა ტრანსპორტის, საზოგადოებრივი სივრცეებისა და მდინარისპირა ადგილების რეკონსტრუქციისთვის. ქალაქის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია ყოველწლიურად $35 მილიარდზე მეტს ხარჯავს და არსებული პროგნოზებით, ეს თანხა 2035 წლისთვის $50 მილიარდამდე გაიზრდება.

რეიტინგში მეოთხე ადგილს სტაბილურად ინარჩუნებს ტოკიო, რომელიც ვიზიტორებს განსაკუთრებით თავისი ურბანული დიზაინითა და უსაფრთხო გარემოთი იზიდავს, Resonance-ის შეფასებით, სუსტი იენის ფონზე, ტოკიოში ვიზიტორთა რიცხვი რეკორდებს ამყარებს. იაპონიამ 2024 წელს თითქმის 37 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო და 2025 წლის განმავლობაში ყოველთვიურ მაქსიმუმს მიაღწია. რეიტინგის განახლებულ ხუთეულს კი მადრიდი ასრულებს, რომელმაც გასული წლის მე-15 პოზიციიდან წელს მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, ანგარიშის შეფასებით, სიაში ესპანეთის დედაქალაქის დაწინაურება „ქალაქის მოდერნიზაციისადმი გააზრებული მიდგომის დამსახურებაა“, რაც მდგრადობაზე ორიენტირებული ინვესტიციებით გამოიხატება.

წარმოგიდგენთ Resonance Consultancy-ის 2025 წლის ანგარიშით, საცხოვრებლად, სამუშაოდ და სამოგზაუროდ საუკეთესო ქალაქების ათეულს:

  • ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
  • ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები
  • პარიზი, საფრანგეთი
  • ტოკიო, იაპონია
  • მადრიდი, ესპანეთი
  • სინგაპური, სინგაპური
  • რომი, იტალია
  • დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • ბერლინი, გერმანია
  • ბარსელონა, ესპანეთი

წყარო: forbes.ge