კომპანიების ხელთ არსებული ნაღდი ფული და მოკლევადიანი ინვესტიციები მათი ფინანსური სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. ეს რესურსი გამოიყენება თანამშრომლების ანაზღაურებისთვის, ოპერაციების დაფინანსებისთვის, ინვესტიციებისა და შერწყმა-შესყიდვებისთვის, ასევე ეკონომიკურ შოკებთან გასამკლავებლად.

TradingView-ის მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-მა შეადგინა კომპანიების რეიტინგი, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე დიდ ნაღდი ფულის რეზერვებს ფლობენ. მაჩვენებელი ნაღდ ფულთან ერთად, მაღალლიკვიდურ, მოკლევადიან ფასიან ქაღალდებს მოიცავს. რეიტინგში სულ 50 კომპანიაა.

ჩამონათვალში 382 მილიარდი დოლარით უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway ლიდერობს. კომპანიის ნაღდი ფულის რეზერვი კონკურენტებისას მნიშვნელოვნად აღემატება. მეორე ადგილზეა CITIC Limited-ი ($171.5 მლრდ), ხოლო მესამეზე – Daiwa Securities Group-ი ($131.4 მლრდ). ტოპ-ხუთეულს კი ავსებენ ტექნოლოგიური გიგანტები: Alphabet-ი ($126.8 მლრდ) და Amazon-ი ($126.3 მლრდ).

აღსანიშნავია, რომ ტოპ-50 კომპანიას შორის, ფინანსური სექტორი ერთობლივად ყველაზე დიდ ნაღდი ფულის რეზერვებს ფლობს, კერძოდ, 1.2 ტრილიონ დოლარს. ეს ნაწილობრივ განპირობებულია მარეგულირებლების მიერ შემუშავებული წესებით, რომლებიც ბანკებს დიდი ლიკვიდური ბუფერების შენარჩუნებას ავალდებულებს.

დიდი მოცულობით ნაღდი ფულის რეზერვები აქვთ ასევე „შესანიშნავი შვიდეულის“ კომპანიები: Alphabet-ი, Amazon-ი, Meta, Microsoft-ი, Apple-ი, Nvidia და Tesla. ისინი ჯამურად 597 მილიარდი დოლარის ნაღდ ფულს ფლობენ, რაც S&P 500-ის კომპანიების უმეტესობის შესაძენად არის საკმარისი.

ტრადიციულად, დიდი ტექნოლოგიური კომპანიები მაღალი მარჟებითა და მასშტაბირებადი ბიზნესმოდელით გამოირჩევიან, რაც შემოსავლების ნაღდ ფულად სწრაფად კონვერტაციას უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი აქტიურად ინვესტირებენ ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში, კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად ხშირად ვალს მიმართავენ და ნაღდი ფულის რეზერვების შემცირებაზე უარს ამბობენ.

ნაღდი ფულის დიდი მარაგი მათ საშუალებას აძლევს, განახორციელონ სტრატეგიული შესყიდვები და გეოპოლიტიკური რისკებისა თუ სავაჭრო ტარიფების ზრდისგან თავი დაიზღვიონ.

ვრცლად forbes.ge - ზე