არ მესმის ადამიანებისა, ვინც ამბობს, რომ ალიევ-ფაშინიანის შეთანხმება არის საქართველოს სტრატეგიული მარცხი, - ასე აფასებს ფაშინიანი-ალიევიო-ტრამპის სამშვიდობო შეთანხმების მერე სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ ცვლილებას ანალიტიკოსი გია ნოდია.
მისი განმარტებით, საქართველოს სტრატეგიული მარცხია ის, რომ გვყავს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა.
"თეთრ სახლში ხელმოწერილმა შეთანხმებამ კიდევ ერთხელ გახადა ცხადი, რომ ეს ასეა. თუ ვფიქრობთ, რომ სულ ამ მთავრობის ხელში ვიქნებით, მაშინ რაც არ უნდა მოხდეს რეგიონში და მსოფლიოში, ყველაფერი ჩვენი მარცხი იქნება. მაგრამ ობიექტურად, ამ შეთანხმების დადება საქართველოს (მაგრამ არა ივანიშვილის მთავრობას) უკეთეს მდგომარეობაში აყენებს. არის გამოკვეთილი მინუსი: ვკარგავთ ექსკლუზივს კავკასიაზე გამავალ სატრანზიტო მარშრუტებზე. ეს მართალია. მაგრამ თუ ამ ლოგიკით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ გამოდის, რომ უნდა ვოცნებობდეთ, სომხეთი და აზერბაიჯანი სულ ერთმანეთთან ომში იყვნენ. ეს ძალიან ვიწრო და არაპერსპექტიული ხედვაა." - წერს ნოდია.
მისივე შეფასებით, უფრო ფართო და სტრატეგიული ხედვაა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ვაშინგტონში და არა მოსკოვში დამთავრება, ამ ეტაპზე მაინც, რადიკალურად ცვლის რეგიონის გეოპოლიტიკურ განლაგებას.
"მოსკოვმა დაკარგა მთავარი კოზირი, რაც რეგიონში ჰქონდა, ამერიკა საკვანძო მოთამაშე გახდა. ირიბად, ეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმსაც ასუსტებს. ის, სხვა ყველაფერთან ერთად, ეყრდნობოდა საზოგადოების ნაწილში პრაგმატიკოსი პოლიტიკოსის იმიჯს: რუსეთი შეიძლება მტერი იყოს, მაგრამ როცა ის ძლიერია, ხოლო დასავლეთს რეგიონი არ აინტერესებს, ჯობია, ისევ რუსეთთან „დალაგდე“, იმიტომ რომ იმის იქით გზა არა გაქვს. ამ ხედვას მოჩვენებითი დამაჯერებლობა ჰქონდა. ივანიშვილის და მისი დამცველების გონებაში, სატრანზიტო დერეფნები იყო ივანიშვილის ბერკეტი დასავლეთთან ურთიერთობაში. ახლა ეს ბერკეტი მაინც არ მუშაობდა, მაგრამ პოტენციურად შეეძლო ემუშავა. ახლა რეჟიმმა ეს ბერკეტიც დაკარგა," - წერს ნოდია და ხაზს უსვამს, რომ ახლა გაცილებით უფრო რთული გახდა ოდნავ რაციონალური ადამიანის თვალში პრორუსული კურსის „პრაგმატული“ გამართლება.
"მტკივნეულია იმის აღიარება, რომ რეგიონში რუსეთის ბოლო დასაყრდენი დავრჩით. მაგრამ ეს ტრამპის ბრალი არ არის. ვიმეორებ: ამ რეჟიმის ხელში ჩვენთვის მომგებიანი ვერაფერი მოხდება. ეს შეთანხმება ეწინააღმდეგება რუსეთის და მისი ქართველი პარტნიორების ინტერესებს, მაგრამ ობიექტურად კარგია საქართველოსთვის," - წერს ნოდია სოციალურ ქსელში