ქალაქების გაფართოებასთან და კლიმატის ცვლილების დაჩქარებასთან ერთად, მსოფლიოს ურბანულ ცენტრებში სულ უფრო აქტუალური პრობლემა წარმოიშვა: ურბანული სითბური კუნძულები, რომლებიც შეიძლება დიდ პრობლემად იქცესსაზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით, ცხელ პერიოდში.

თვითონ ტერმინი „სითბური კუნძული”, შესაძლოა, ბევრს ვერაფერს გეუბნებათ, რადგან ამაზე არც ისე ხშირად ლაპარაკობენ. თუმცა ის, რაც გარემოში ხდება, ჩვენზეც ზეგავლენას ახდენს, ამიტომ მოდი, ამაზე ვილაპარაკოთ.

რა არის სითბური კუნძულები, როგორ ყალიბდება ისინი და რატომ აქვთ ასეთი მნიშვნელოვანი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე – ამას ქვემოთ გაიგებთ.

რა არის სითბური კუნძულები

ურბანული სითბური კუნძული არის დიდი ქალაქის ისეთი ტერიტორია, რომელიც ბევრად თბილია, ვიდრე მისი მიმდებარე სოფლის ტერიტორიები. ეს ტემპერატურული სხვაობა, როგორც წესი, უფრო გამოხატულია საღამოს, ღამის საათებში და შეიძლება მერყეობდეს 0.6-დან 3.9 გრადუს ცელსიუსამდე.

ურბანული სითბოს ძირითადი მიზეზები

ბეტონისა და ასფალტის ზედაპირები: ისეთი მასალები, როგორიცაა ასფალტი, ბეტონი და აგური, დღის განმავლობაში შთანთქავს და ინარჩუნებს სითბოს, ხოლო ღამით ნელა გამოყოფს მას.

შემცირებული სიმწვანე: ხეები და მწვანე სივრცეები ჩრდილს ქმნის და ხელს უწყობს ჰაერის გაგრილებას, თუმცა ქალაქებს ხშირად არ აქვთ საკმარისი გამწვანება.

ადამიანის საქმიანობა: კონდიცირება, ტრანსპორტი, სამრეწველო პროცესები და ენერგიის სხვა გამოყენება სითბოს წარმოქმნის.

შენობების სიმჭიდროვე: მაღალი შენობები და ვიწრო ქუჩები იჭერენ სითბოს და ზღუდავენ ჰაერის ნაკადს.

მუქი სახურავები და ტროტუარები: მუქი ფერის ზედაპირები უფრო მეტ მზის სხივს შთანთქავს, ვიდრე ამრეკლავი მასალები.

ჯანმრთელობაზე ზემოქმედება

ურბანული სითბური კუნძულები არა მხოლოდ ქალაქებს ხდის უსიამოვნოდ ცხელს, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ რისკებსაც წარმოქმნის, რომლებიც შეიძლება ასე კლასიფიცირდეს:

სიცხესთან დაკავშირებული დაავადებები

სითბური გამოფიტვა ყველაზე პირდაპირი ზემოქმედებაა. მოწყვლადი მოსახლეობა, მათ შორის ხანდაზმულები, ბავშვები, გარე მომუშავეები და უკვე არსებული დაავადებების მქონე პირები, უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.

ექსტრემალური სიცხის პირობებში ასევე ხშირია დეჰიდრატაცია, კრუნჩხვები და გონების დაკარგვა.

ჰაერის ხარისხის გაუარესება

მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გაზარდოს მიწისპირა ოზონის გამომუშავება, რომელიც სმოგის ძირითადი კომპონენტია. ჰაერის ცუდმა ხარისხმა კი შეიძლება გაამწვავოს რესპირატორული დაავადებები, როგორიცაა ასთმა, ბრონქიტი და ფილტვის დაავადებები.

სიკვდილიანობის ზრდა

კვლევებით დგინდება, რომ ჭარბი სიცხე და არასასურველი ტემპერატურა შეიძლება სიკვდილიანობის მიზეზიც კი გახდეს, განსაკუთრებით, ხანგრძლივი სითბური ტალღების დროს. დაბალი შემოსავლის მქონე უბნებში მცხოვრები ადამიანები შეიძლება უფრო მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ კონდიცირების ან ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო.

ძილის დარღვევა

ღამის საათებში მაღალი ტემპერატურა აქვეითებს ძილის ხარისხს, რამაც შეიძლება იმოქმედოს ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

აქვე იმასაც დავძენთ, რომ ხშირმა სიცხემ და ქრონიკულმა დისკოფორტმა შეიძლება გაზარდოს სტრესის დონე, რაც პირდაპირ უკავშირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მაღალ რისკს. 

როგორ შეიძლება გადაიჭრას სითბური კუნძულების ზეგავლენის პრობლემა

ურბანული სითბური კუნძულების წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს ურბანული დაგეგმარების, პოლიტიკისა და საზოგადოების ჩართულობის კომბინაციას. 

ყველაზე მთავარი, რაც შეიძლება გაკეთდეს, ქალაქში მწვანე სივრცეების გაზრდაა. ხეების დარგვა და პარკების შექმნა ხელს შეუწყობს ქალაქების ბუნებრივ გაგრილებას.

ასევე, კარგი გადაწყვეტილებაა ამრეკლავი და გრილი მასალის გამოყენება სახურავებისთვის, რომელიც ამცირებს სითბოს. ტროტუარის მასალებში კი ღია ფერის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს სითბოს შენარჩუნება.

სითბური კუნძულები ქალაქში სულ უფრო აქტუალური საკითხი ხდება, რადგან ტემპერატურა გლობალურად იზრდება, ხოლო ურბანიზაცია გრძელდება. გამოსავალი არის მხოლოდ გააზრებული ურბანული დაგეგმარება და მიზანმიმართული ჩარევა, რათა უფრო ჯანსაღი და საცხოვრებლად ვარგისი გარემო მივიღოთ.

წყარო: Wasteless  marketer.ge