მთვარეზე არსებული წყლის მარაგი ილონ მასკის მიერ დაგეგმილი მილიონობით ადამიანისგან შემდგარი „თვითგანვითარებადი“ ქალაქის ხანგრძლივი არსებობისთვის საკმარისი არ იქნება – ამის შესახებ ახალი კვლევა მიუთითებს, რომელიც ჟურნალ Frontiers in Space Technologies-ში გამოქვეყნდა.
კვლევის მიხედვით, თუ მთვარეზე 1 მილიონი ადამიანის დასახლება შეიქმნება და წყალს პირადი მოხმარებისთვის, სოფლის მეურნეობისა და დაგეგმილი მძიმე ინდუსტრიისა და მონაცემთა ცენტრების ფუნქციონირებისთვის გამოიყენებენ, იქ ჩვენთვის დღემდე ცნობილი წყლის მარაგი დაახლოებით 2.4 წელიწადში ამოიწურება.
მკვლევრების შეფასებით, მთვარეზე დაახლოებით 34 მილიონი ტონა წყალი არსებობს, თუმცა ისინი აღნიშნავენ, რომ ეს შეფასება შესაძლოა რეალურ მარაგს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდეს. კვლევის მოდელირებისთვის ავტორებმა 1 მილიარდი ტონა წყლის უფრო ოპტიმისტური მაჩვენებელიც გამოიყენეს.
მთვარეზე მუდმივი დასახლების შექმნის შემთხვევაში წყლის რესურსების მართვის ერთ-ერთ მთავარ პირობად მისი თითქმის სრული გადამუშავება იქცევა. მაგალითად, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წყლის გადამუშავების ეფექტიანობა დაახლოებით 98%-ს აღწევს. ამ მაჩვენებლის პირობებში, კვლევის მიხედვით, 1 მილიონი ადამიანისგან შემდგარი ქალაქი წყლის რესურსის გამოყენებას დაახლოებით 100 წლის განმავლობაში შეძლებდა, ხოლო 100 ათასი ადამიანისგან შემდგარი დასახლება – დაახლოებით 1,000 წლის განმავლობაში.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ უფრო მდგრადი ვარიანტი დაახლოებით 1,000-კაციანი „მთვარის სოფელი“ იქნებოდა, რომელიც ანტარქტიდაზე არსებული კვლევითი დასახლებების მასშტაბს შეესაბამება. შედარებით მცირე დასახლება წყლის მოხმარების უფრო ნაკლები შეზღუდვითაც შეძლებდა ფუნქციონირებას.
კვლევის ერთ-ერთმა წამყვანმა ავტორმა, დოქტორმა მარტინ ელვისმა Forbes-ს განუცხადა, რომ 10,000-კაციანი ქალაქი ოპტიმისტური, 1 მილიარდი ტონა წყლის მარაგის შემთხვევაში, ათასობით წლის განმავლობაში არ ამოწურავდა რესურსს. თუმცა, მისი თქმით, ეს შეფასება ზედმეტად ოპტიმისტურია და მთვარეზე არსებული წყლის რეალური მოცულობა შესაძლოა 20-30-ჯერ ნაკლები იყოს. 30%-იანი აღდგენის მაჩვენებლის პირობებში კი ასეთი ზომის დასახლება დაახლოებით 100 წლის განმავლობაში იქნებოდა მდგრადი. „ცხადია, მთვარეზე ქალაქის მშენებლობამდე დიდი მასშტაბის კვლევაა საჭირო“, – დასძინა ელვისმა.
მთვარის წყლის მარაგის ძირითადი ნაწილი პოლუსებთან მდებარე უზარმაზარ კრატერებში არსებული ყინულის სახითაა თავმოყრილი. ეს ადგილები მუდმივად ჩრდილშია და, მკვლევრების ცნობით, დაახლოებით 4 მილიარდი წელია მზის პირდაპირი სხივი არ მიუღია. ასეთ კრატერებს ე.წ. „ცივი ხაფანგები“ ეწოდება, სადაც ტემპერატურა -261.67 გრადუს ფარენჰეიტზე, ანუ დაახლოებით -163 გრადუს ცელსიუსზე, მაღალი არ არის.
მკვლევრები წყლის დეფიციტის პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე შესაძლო გამოსავალსაც განიხილავენ. მათ შორისაა წყლის გადამუშავების უფრო ეფექტიანი სისტემები, წყლის მოხმარების შემცირება, მაგალითად, ვერტიკალური ფერმების გამოყენებით, ასევე წყლის შემოტანა ახლომდებარე ასტეროიდებიდან ან მთვარეზე დამატებითი წყლის მარაგების აღმოჩენა.
კვლევის მიხედვით, ენერგიის წარმოება შედარებით ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს. მზის პანელების განთავსება შესაძლებელია კრატერების იმ მწვერვალებზე, რომლებიც მუდმივად მზისკენ არის მიმართული. მკვლევრები ასევე მიიჩნევენ, რომ ასეთი პანელების ნაწილის წარმოება თავად მთვარეზეც შეიძლება, რადგან მის ზედაპირზე სილიციუმის დიდი მარაგებია. თუმცა რამდენიმე მილიონი ადამიანისთვის მხოლოდ მზის ენერგია საკმარისი არ იქნება და საჭირო გახდება ბირთვული დაშლით მიღებული ენერგიის გამოყენებაც.
ამასთან, უცნობია, რამდენად რეალისტურია მთვარეზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მსგავსი, წყლის გადამუშავების 98%-იანი მაჩვენებლის მიღწევა მილიონიანი ქალაქისთვის. მუდმივ დასახლებას გაცილებით მეტი სანიტარული ინფრასტრუქტურა დასჭირდება, მათ შორის საშხაპეები, სარეცხი სისტემები და ტუალეტები, რომელთა ფუნქციონირებაც მთვარის დაბალი გრავიტაციის პირობებში დამატებით გამოწვევებს შექმნის.
კვლევის შედეგები განსაკუთრებით საყურადღებოა ილონ მასკის ამბიციური გეგმების ფონზე. SpaceX-ის დამფუძნებელმა თებერვალში განაცხადა, რომ მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში მთვარეზე „თვითგანვითარებადი ქალაქის“ შექმნაზე მუშაობას პრიორიტეტად აქცევდა. ივლისში მასკმა კიდევ უფრო ამბიციური მიზანი გააჟღერა და თქვა, რომ იმედი აქვს, მთვარეზე „ათიათასობით“ ადამიანის გაგზავნას და სრულად თვითმდგრადი ქალაქის, ფაქტობრივად, მეტროპოლიის შექმნას შეძლებს.
მთვარეზე მუდმივი დასახლებების შექმნის გეგმები NASA-საც აქვს. სააგენტომ მარტში მთვარის მუდმივი ბაზის შექმნის გეგმები დააანონსა და ადამიანებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებას 2032 წლისთვის გეგმავს.
მთვარეზე ინდუსტრიისა და მონაცემთა ცენტრების გადატანის იდეას სხვა მილიარდერებიც განიხილავენ. მათ შორისაა Amazon-ის დამფუძნებელი და Blue Origin-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი, რომელსაც, მასკის მსგავსად, მიაჩნია, რომ მომავალში მძიმე ინდუსტრიის ნაწილი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა დედამიწის ფარგლებს გარეთ შეიძლება განთავსდეს.