რუსეთი საცხოვრებელ უბნებს ზუსტად მაშინ ურტყამს, როდესაც უკრაინელები სახლებში არიან - უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ძლიერი, რეალური გადაწყვეტილებები ჩვენი პარტნიორებისგან,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ხარკოვზე რუსული ძალების თავდასხმას ეხმაურება.

ზელენსკის თქმით, მხოლოდ ძალას და სანქციებს შეუძლია რუსეთის შეჩერება.

„სამხედრო სამიზნეები არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. რუსეთი საცხოვრებელ უბნებს ზუსტად მაშინ ურტყამს, როდესაც უკრაინელები სახლებში არიან. მხოლოდ არაადამიანურ არსებებს შეუძლიათ ასეთი ბრძანებების გაცემა და მათი შესრულება. უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და რეალური გადაწყვეტილებები ჩვენი პარტნიორებისგან: ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ევროპისგან, ყველა ჩვენი პარტნიორისგან, ვისაც მშვიდობა სურს. მხოლოდ ძალას და სანქციებს შეუძლია რუსეთის შეჩერება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, პარასკევს საღამოს რუსულმა ძალებმა ქალაქ ხარკოვზე დრონების გამოყენებით მასიური შეტევა განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავდა 47 ადამიანი.

წყარო: ipn.ge