ჩიპების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Micron Technology ტაივანში დასაქმებულებს 2026 ფისკალური წლისთვის რეკორდულ ბონუსებს გადაუხდის. თითოეული თანამშრომლისთვის ბონუსის მოცულობა 35-დან 68 თვემდე ხელფასის ეკვივალენტური იქნება.

კომპანიის ინფორმაციით, თანამშრომლებისთვის მინიმალური ფულადი ანაზღაურება 1.7 მილიონ ტაივანურ დოლარს, დაახლოებით $53,800-ს, შეადგენს. ჯილდოებს ოპერატორები, ტექნიკოსები და ცვლის ინჟინრები მიიღებენ. Micron-ის განცხადებით, 2026 წლის შედეგების საფუძველზე ჯილდოს გლობალურად 60 000-ზე მეტი თანამშრომელი მიიღებს.

ტაივანში დასაქმებული თანამშრომლები, რომლებიც კომპანიას 2025 წლის 29 აგვისტომდე შეუერთდნენ, დამატებით 1 მილიონ ტაივანურ დოლარს, დაახლოებით $31 650-ს, ნაღდი ბონუსის სახით მიიღებენ.

დამწყები ინჟინრების შემთხვევაში, ბონუსის საშუალო მოცულობა 3.4 მილიონ ტაივანურ დოლარს (დაახლოებით $108,000) შეადგენს. აქედან 2.9 მილიონი ტაივანური დოლარი ფულადი ანაზღაურებაა, დარჩენილი ნაწილი კი აქციების სახით გაიცემა. Micron-ის ინფორმაციით, ყველა თანამშრომელი ყოველწლიურად აქციების გრანტსაც მიიღებს.

Micron-ის საწარმოში ტაივანში დაახლოებით 15 000 ადამიანი მუშაობს. კომპანიის განცხადებით, მას კუნძულზე 1.6 ტრილიონ ტაივანურ დოლარზე მეტი აქვს ინვესტირებული.

კომპანიის მიერ რეკორდული ბონუსების გაცემაზე განცხადება თანამშრომლების მოსალოდნელი გაფიცვის ფონზე გაკეთდა. ტაივანში Micron-ის თანამშრომლების დაახლოებით ორმა მესამედმა გაფიცვოსთვის მზაობა გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ და Taoyuan-ის პროფკავშირმა გასულ კვირას მედიაციის ფარგლებში შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მოლაპარაკებების მეორე რაუნდია დაგეგმილი.

Micron-ის თანამშრომელთა განცხადებით, Samsung Electronics-სა და SK Hynix-ში მოქმედი მოგების გაზიარების სქემების გამო სამხრეთკორეელ და ტაივანელ დასაქმებულებს შორის ანაზღაურების სხვაობა გაიზარდა.

შეგახსენებთ, მაისში Micron-ის სამხრეთკორეულ კონკურენტ Samsung Electronics-ს 48 000-მდე დასაქმებულის მონაწილეობით 18-დღიანი გაფიცვა ემუქრებოდა. საბოლოოდ, გაფიცვა ბოლო მომენტში მიღწეული შეთანხმების შემდეგ გაუქმდა, რომელიც ჩიპების განყოფილების საოპერაციო მოგების 10.5%-ის ოდენობის სპეციალური ბონუსების ფონდის შექმნას ითვალისწინებდა, თუმცა მისი გაცემა მოგებიანობის მიზნების შესრულებაზე იყო დამოკიდებული.

წყარო: forbes.ge