რუსმა მეცნიერებმა შეიმუშავეს პური, რომელიც ჭარბწონიან ადამიანებს კვების რაციონის კორექტირებაში დაეხმარება, – ამის შესახებ ინფორმაციას TASS კვებისა და ბიოტექნოლოგიის ფედერალური კვლევითი ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. პროდუქტი განკუთვნილია მეტაბოლური სინდრომის მქონე ადამიანებისთვის, რომლის დროსაც ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმი ირღვევა.

რეცეპტი შემუშავდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ალა კოჩეტკოვას ხელმძღვანელობით. პური შეიცავს მთლიანი მარცვლეულის ხორბლის ფქვილს, მწვანე წიწიბურას ფქვილს, შვრიის ქატოს ბეტა-გლუკანებით, მზესუმზირის ცილის კონცენტრატს, ხორბლის გლუტენს, მზესუმზირის ექსტრაქტს და სხვა ინგრედიენტებს.

ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის, იულია ფროლოვას თქმით, პროდუქტის შემუშავებისას მკვლევრები ცდილობდნენ შეექმნათ ცილის, საკვები ბოჭკოებისა და მცენარეული ნაერთების კომბინაცია, რომელსაც დადასტურებული მეტაბოლური სარგებელი მოჰქონდა.

ცილა უფრო დიდხანს ეხმარება დანაყრების შეგრძნებაში და კუნთოვანი მასის შენარჩუნებაში, საკვები ბოჭკოები აუმჯობესებს ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმს, ხოლო ფენოლის მჟავებს აქვთ ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

წყარო: snob.ru