მეცნიერებმა შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელიც თაგვებში ამცირებს თავის ტვინის ანთებას და აღადგენს დაკარგულ მეხსიერების ფუნქციას.

ტეხას A&M უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფს სჯერა, რომ შემდეგ კვლევებთან და განვითარებასთან ერთად, ასეთივე შედეგებს ვნახავთ ადამიანებშიც.

სპრეი მიზანში იღებს „ნეიროანთებას“ (neuroinflammaging) — ქრონიკული სტრესის მცირე კერებს დაბერებულ ტვინში, რომლებიც კავშირშია ასაკთან დაკავშირებულ კოგნიტურ დაქვეითებასთან და ითვლება, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთ ნევროლოგიურ დარღვევებში, როგორიცაა ალცჰაიმერი. მკვლევრები ნეიროანთებას ადარებენ ძრავის იმ ნაწილებს, რომლებიც მუდმივად ცხელია.

სამოდელო თაგვებში, სპრეიმ ეს კერები მიზანში ამოიღო მილიონობით მიკროსკოპული ბიოლოგიური ბუშტით, რომლებიც უჯრედგარე ვეზიკულების (EV) სახელითაა ცნობილი და რომლებიც ცილებითა და გენეტიკური ინსტრუქციებით არის სავსე და ადამიანის ღეროვანი უჯრედებიდან წარმოიქმნება.

თაგვები 18 თვის ასაკის იყვნენ, რაც ადამიანებში დაახლოებით 50-60-იან წლებს შეესაბამება.

„ამ თერაპიის შემუშავებისა და მასშტაბირების პროცესში, მარტივმა, ორდოზიანმა ცხვირის სპრეიმ შესაძლოა ერთ დღეს ჩაანაცვლოს ინვაზიური, სარისკო პროცედურები ან შესაძლოა, თვეების განმავლობაში მედიკამენტების მიღებაც კი. ის უნივერსალურია. მკურნალობის შედეგები ორივე სქესისთვის თანმიმდევრული და მსგავსი იყო“, — ამბობს ნეირომეცნიერი აშოკ შეტი.

მკვლევრებს სურდათ მთავარი ფოკუსი მოეხდინათ მიკროგლიაზე (ტვინის იმუნური უჯრედები) ჰიპოკამპუსში — რეგიონი, რომელიც უმნიშვნელოვანესია მეხსიერებისა და სწავლისთვის და სადაც ხდება მნიშვნელოვანი ნეიროანთება.

ჯანმრთელი ღეროვანი უჯრედების გამოყენება — რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი სხვა ტიპის უჯრედად გადაქცევა და ჩამოყალიბება — არის მიდგომა, რომელსაც ამჟამად აქტიურად იკვლევენ მისი თერაპიული პოტენციალის გამო. ასევე დადგენილია, რომ ღეროვანი უჯრედების ქვეპროდუქტებს, როგორიცაა უჯრედგარე ვეზიკულები, შეუძლიათ სასარგებლო ფუნქციის დიდი ნაწილის შესრულება და თანაც, მათი ორგანიზმში გადატანა უფრო უსაფრთხოა.

ამ კვლევაში, 18 თვის მამრ და მდედრ თაგვებს ორი ინტრანაზალური (ცხვირში შესხურება) დოზა მისცეს ორკვირიანი ინტერვალით.

პრეპარატის ცხვირიდან შეყვანა უჯრედგარე ვეზიკულებს შეიძლება ტვინამდე უფრი პირდაპირ მიღწევაში ეხმარებოდეს, ვიდრე ინვაზიური ქირურგიული პროცედურები. მკვლევართა ცნობით, სწრაფად მოხდა უჯრედგარე ვეზიკულების შეწოვა.

ორი დოზის შემდეგ, ნამკურნალევმა თაგვებმა საკონტროლო თაგვებს აჯობეს ობიექტების ამოცნობისა და სივრცითი მეხსიერების გაზომვის ამოცანებში. ჰიპოკამპუსის შემდგომი ბიოქიმიური ანალიზები მიუთითებს, რომ მკურნალობას სასურველი ეფექტი ჰქონდა ტვინის ანთებაზე.

უჯრედგარე ვეზიკულებს შიგნით არის მიკრო რნმ — გენეტიკური კოდის პაწაწინა ნაწილები, რომლებიც არეგულირებს გენების ექსპრესიას. მას შემდეგ, რაც მიკრო რნმ-ები გამოთავისუფლდება, ისინი ტვინის უჯრედებს ხელახლა აკავშირებენ, რათა გამორთონ ან შეამცირონ ნეიროანთებითი პროცესის გამომწვევი განგაშის სიგნალების ნაწილი.

ხანდაზმულ თაგვებში ეს იმას ნიშნავდა, რომ მიკროგლიას უფრო ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება შეეძლო, მათ შორის იმ მხრივ, თუ როგორ მართავდნენ მიტოქონდრიები (უჯრედის ბატარეები) ენერგიას.

„მიკრო რნმ-ები მთავარი რეგულატორების მსგავსად მოქმედებენ. ისინი ხელს უწყობენ ტვინში მრავალი გენისა და სასიგნალო გზის მოდულირებას და რეგულირებას. ოქსიდაციური სტრესის შემცირებით და ტვინის მიტოქონდრიების რეაქტივაციით, ჩვენ ნეირონებს ვუბრუნებთ მათ ნაპერწკალს“, — ამბობს ნეირომეცნიერი მადუ ლილავატი ნარაიანა.

მხოლოდ აშშ-ში, 2060 წლისთვის დემენციის ახალმა შემთხვევებმა წელიწადში შეიძლება მილიონს მიაღწიოს, ანუ გაორმაგდეს ამჟამინდელი მაჩვენებელი. ეს კვლევა მიანიშნებს ახალ შესაძლო გზაზე, რომელმაც უნდა შეამციროს ასაკთან დაკავშირებული ის ნეიროანთება, რომელიც დემენციას იწვევს.

ცხოველებზე ჩატარებული სხვა კვლევები მიუთითებს, რომ უჯრედგარე ვეზიკულებით სხვა თერაპიებიც სასარგებლოა ინსულტის ან ტვინის დაზიანების შემდეგ აღდგენისთვის.

საჭიროა ცდები ადამიანებზე, რათა განისაზღვროს, მკურნალობს თუ არა ეს თერაპია ისეთ დაავადებას, როგორიცაა მსუბუქი კოგნიტური დარღვევა; თუმცა, ადრეული ნიშნები იმედისმომცემია.

კვლევის შედეგები ემთხვევა სულ უფრო მეტ კვლევას იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია უფრო ჯანმრთელად დავბერდეთ, ნაკლები ბიოლოგიური ცვეთით, რაც ასაკის მატებასთან ერთად მოდის.

კვლევა Journal of Extracellular Vesicles-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია stories.tamu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი