გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტის დამტკიცების დაბლოკვით იმუქრება, თუ გაერთიანების ყველა წევრი ქვეყანა 2027 წლიდან უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაში მონაწილეობაზე არ შეთანხმდება. ამის შესახებ გამოცემა Financial Times ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთვის გაგზავნილ მერცის წერილზე დაყრდნობით წერს.

წერილში გერმანიის კანცლერი მოითხოვს, რომ უკრაინის დაფინანსების დეფიციტის აღმოფხვრაში ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ, გამონაკლისის გარეშე, სამართლიანი წვლილი შეიტანოს. მერცის განცხადებით, ეს პირობა აუცილებელია არა მხოლოდ უკრაინის მიმდინარე ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, არამედ ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებების გასაგრძელებლადაც.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინას 2027 წელს დაახლოებით 70 მილიარდი ევროს დამატებითი დაფინანსება დასჭირდება. ევროკავშირს ამ თანხიდან დაახლოებით 45 მილიარდი ევროს გამოყოფა აქვს დაგეგმილი, დარჩენილი ნაწილის მოსაძიებლად კი ევროკომისია რამდენიმე მექანიზმს განიხილავს, მათ შორის ერთობლივი სესხის აღებას.

ამასთან, უნგრეთმა, სლოვაკეთმა, ბულგარეთმა და ჩეხეთმა მიანიშნეს, რომ უკრაინის დამატებით ფინანსურ დახმარებაში მონაწილეობას არ აპირებენ. მერცი კი მიიჩნევს, რომ უკრაინის მხარდაჭერის ტვირთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არათანაბრად ნაწილდება და მას ძირითადად რამდენიმე სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე.

გერმანიის კანცლერი ასევე მოითხოვს, რომ 2028 წლიდან უკრაინის დაფინანსებისთვის გრძელვადიანი და მდგრადი მექანიზმი შეიქმნას, რომელიც უკვე აღებულ ვალზე დარიცხული პროცენტების დაფარვასაც გაითვალისწინებს. მერცს სურს, რომ უკრაინის სამომავლო დაფინანსებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები კვალიფიციური უმრავლესობით მიიღებოდეს, რათა ცალკეულმა წევრმა ქვეყნებმა დახმარების დაბლოკვა ვერ შეძლონ. საკითხი ევროკავშირის ლიდერების დუბლინში დაგეგმილ შეხვედრაზეც განიხილება.