ევროკავშირის მასშტაბით მგზავრები მალე შეძლებენ ხელბარგის (Hand Luggage) თვითმფრინავის სალონში ატანას დამატებითი გადასახადის გარეშე. ევროპარლამენტის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს წინადადებას, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის ავიახაზებზე ხელბარგის საფასურის გაუქმებას.

ეს ცვლილება იმას ნიშნავს, რომ დასასვენებლად მიმავალ მოგზაურებს შეეძლებათ 7 კილოგრამამდე წონის ხელბარგით მგზავრობა ყოველგვარი დამატებითი მოსაკრებლის გარეშე, და ეს იმ პატარა ჩანთის გარდა, რომლის მოთავსებაც სავარძლის ქვეშ არის შესაძლებელი.

ევროკავშირის ტრანსპორტისა და ტურიზმის კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, მატეო რიჩიმ, განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არის „მნიშვნელოვანი ეტაპი უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე მოგზაურობისკენ“. მან აღნიშნა, რომ დაინერგება კონკრეტული ზომები, როგორიცაა „უფასო ხელბარგის მკაფიო განმარტება 100 სმ-მდე მაქსიმალური ზომით, რაც წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას არაგამართლებული დამატებითი ხარჯების თავიდან ასაცილებლად“.

ეს გადაწყვეტილება დიდი გამარჯვებაა მგზავრებისთვის, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ის განსაკუთრებით ძლიერად დაარტყამს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს (Low-Cost Airlines). მაგალითად, Ryanair-მა გასულ წელს 4.7 მილიარდი ევრო სწორედ დამატებითი მოსაკრებლებისგან, როგორიცაა ბარგისა და ადგილის არჩევის საფასური, მიიღო.

ავიაკომპანიების ლობისტებმა გააფრთხილეს, რომ ამ რეგულაციამ შესაძლოა ბილეთების ფასის ზრდა გამოიწვიოს, რათა ავიამზიდებმა დანაკარგი აანაზღაურონ.

ხელბარგის საფასურის გაუქმება ევროპარლამენტის მიერ შემოთავაზებული მგზავრთა უფლებების რეფორმების ნაწილია. დამატებითი ზომები მოიცავს:

  • 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უფასოდ უნდა მიეცეთ თანმხლებ მგზავრთან ერთად ჯდომის საშუალება.
  • შეზღუდული მობილობის მქონე პირების მომვლელებისთვის უფასო ადგილების გამოყოფა.
  • ავიაკომპანიები ვალდებულნი იქნებიან, წინასწარ გაამჟღავნონ ფრენის სრული ღირებულება.

მიუხედავად იმისა, რომ სიახლე ძალიან პოზიტიურია მგზავრებისთვის, კანონის ამოქმედების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, რადგან წინადადებებს საბოლოო მწვანე შუქი პარლამენტის კენჭისყრაზე სჭირდება.

avianews