„ჩინეთიდან ყოველკვირა გვწერენ, აინტერესებთ, ხომ არ გაიზარდა ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნა“,- ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ “ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ჩინური ავტომობილების მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს, ამასთან, ჯერ ისიც გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ის თავის დამკვიდრებას.
„ჩინეთიდან ყოველკვირა გვწერენ, კომუნიკაციაზე გამოდიან, აინტერესებთ, ხომ არ გაიზარდა ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნა. სიმართლე გითხრათ, აქ ასოციაციის ჩართულობის საჭიროებას ვერ ვხედავთ, იმიტომ, რომ მოთხოვნას მიწოდება ისედაც აჭარბებს. ჩვენთან ძალიან მომრავლდა კომპანიები, რომლებსაც ჩამოჰყავს ჩინური ავტომობილები.
ისიც უნდა ითქვას, რომ ჩინური ავტომობილები შედარებით ახალია, ქალაქშიც რომ გაიაროთ ბევრგან შეხვდებით, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მოთხოვნის აფეთქება მოხდა და დიდი რაოდენობით ხდება ჩინური მანქანების შესყიდვა. გარკვეული სეგმენტი ჩინურმა ავტომობილებმა დაიკავა (მაგალითად, ჩინურ ტაქსებს შეხვდებით), მომხმარებლების რაღაც ნაწილი გაუჩნდათ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ მოკლევადიან პერიოდია. როგორც ამერიკულმა და ევროპულმა ავტომობილებმა დაიმკვიდრა თავი, ჩინურსაც ასე მოუწევს.
ჩვენთან ჩინური ავტომობილი მაქსიმუმ 1-2 წელია დადის, მისი ცვეთის ხარისხი მაღალი ვერ იქნება, შესაბამისად, სერვისი იმდენად არ სჭირდება. აი, როდესაც უკვე დასჭირდება, მერე გამოჩნდება, რამდენად იაფი იქნება ნაწილები, ხელოსნები მოიძებნებიან თუ არა, ბევრი გამოწვევებია, რომელიც დროსთან ერთად გამოჩნდება და ვნახავთ, გადალახავს თუ არა“,- ამბობს ალექსი ნონიაძე.
ცნობისთვის, 9 თვეში საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტის მაქსიმუმი დაფიქსირდა. საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში 4 453 ერთეული (38.631 მლნ აშშ დოლარის) ავტომობილი შემოვიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით (საგარეო ვაჭრობის პორტალზე 2024 წლიდან ქვეყნდება) ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
შედარებისთვის, 2024 წლის 9 თვეში ჩინური ავტომობილების იმპორტმა 2 023 ერთეული (30.869 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში - 1 209 ერთეული (15.216 მლნ აშშ დოლარი), 2022 წლის საანგარიშო პერიოდში - 1 092 ერთეული (9.010 მლნ აშშ დოლარი), 2021 წლის 9 თვეში - 896 ერთეული (1.808 მლნ აშშ დოლარი) და ა.შ.