New York Times-ის ცნობით, დაახლოებით ერთი წლის წინ, ილონ მასკმა ფარულად მოიწვია რესპუბლიკელი კამპანიის სტრატეგიის სპეციალისტების და მრჩეველების მცირე ჯგუფი თავის ბინაში. Tesla-ს და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯგუფს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება ქვეყნის მომავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ის მზად იყო ყველაფრისთვის და ნებისმიერი თანხის დახარჯვისთვის, რათა ქვეყნის მასშტაბით რესპუბლიკური, "წითელი ტალღა" შეექმნა.

მედიის ცნობით, მასკმა ბევრი რამ გააკეთა: დააარსა აშშ-ს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი (DOGE), რომელიც მასობრივი სალადრო შემცირებებისა და საბიუჯეტო შეკვეცების კოორდინაციას ახორციელებდა. მან ასევე 2024 წლის არჩევნებისათვის სოლიდური თანხა, სულ მცირე 288 მილიონი დოლარი დახარჯა.

გამოცემა წერს, რომ ამ კვირაში, მას შემდეგ რაც მის პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით კრიტიკა და ელექტრომობილების კომპანიაზე ზეწოლა გააქტიურდა, მასკმა, როგორც ჩანს, წერტილი დაუსვა ამ ყველაფერს: "ვფიქრობ, საკმარისი გავაკეთე".

როგორც ორი მასთან დაახლოებული პირი NYT-ს უყვება, ბოლო თვეებში მასკი პოლიტიკისგან სულ უფრო მეტად დისტანცირდა. მათი თქმით, პოლიტიკა უკვე აღარ იყო მისი მთავარი აკვიატება, იმედგაცრუებული იყო იმ სირთულეებითა და პირადი დანახარჯებით, რომლებიც შედეგების მიღწევას თან ახლდა.

წყაროების თანახმად, მასკი ასევე თავისი და თავისი ოჯახის უსაფრთხოების საფრთხეებზე სერიოზულად ფიქრობდა. ის ვერ წარმოიდგენდა, რომ პოლიტიკაში გააქტიურება მის პიროვნებასა და კომპანიებზე (მათ შორის Tesla-ზე) ასეთი მასშტაბის უკურეაქცია მოჰყვებოდა. მასკის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, ათობით Tesla-ს მანქანა და მაღაზია თავდასხმის სამიზნე გახდა.

კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას მასკმა აღნიშნა, რომ თუ მომავალში მნიშვნელოვან მიზეზს არ დაინახავს, პოლიტიკურ კამპანიებში ბევრად ნაკლებს დახარჯავს. როგორც ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, მასკი ახლა იმედგაცრუებულია იმით, თუ რა გავლენა შეიძლება მისმა ფულმა პოლიტიკურ სისტემაზე იქონიოს და მისი აზრით, სჯობს თავისი დრო და რესურსები სხვაგან გამოიყენოს.

მილიარდერის თქმით, ახლა მისი ყურადღება კვლავ Tesla-სა და SpaceX-ს სჭირდება. ორივე კომპანია მნიშნველოვან ეტაპზე იმყოფება: ელექტრომობილების მწარმოებელი ივნისში სრულად ავტონომიური მანქანის გამოშვებას გეგმავს, ხოლო სარაკეტო კომპანია მომდევნო კვირას ახალი თაობის Starship-ის გაშვებას გეგმავს. მასკს ასევე მარსზე 2026 წელს უპილოტო ხომალდის გაგზავნა სურს.

გამოცემა წერს, რომ ამ ყველაფრის ფონზე, მისი აქტიური ჩართულობის შედეგები ვაშინგტონში გაურკვეველია. მასკის მიერ დაარსებულმა DOGE-მა მიზნად აშშ-ს ბიუჯეტიდან 2 ტრილიონი დოლარის დაზოგვა დაისახა, თუმცა მისი ბოლო შეფასებები 2026 ფისკალური წლისთვის დაზოგილი თანხა მხოლოდ 160 მილიარდს აღწევ, რაც საკმაოდ თავმდაბალი და არაზუსტი ციფრებია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს რიცხვები მკვეთრად ჩამოუვარდება წარმომადგენელთა პალატის მიერ ხუთშაბათს მიღებულ კანონპროექტს, რომელიც ტრამპის მასშტაბურ საგადასახადო და საიმიგრაციო პოლიტიკას ასახავს და რომლის შედეგადაც, კონგრესის ბიუჯეტური ოფისის შეფასებით, აშშ-ს ეროვნული ვალი ათ წელიწადში 2.4 ტრილიონი დოლარით გაიზრდება.

NYT-ის ცნობით მასკის მასშტაბური შემოწირულებების გამო მას აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის ზოგ წრეებში "მემარჯვენეების სოროსს ეძახდნენ". წყაროები გამოცემას უყვებიან, რომ პოლიტიკის მიმართ მასკის ბოლოდროინდელი გაუცხოება რესპუბლიკელი პარტიის ნაწილისთვის იმედგაცრუების მიზეზი იყო, რადგან მათ 2026 და 2028 წლის არჩევნებზე მისი შემოწირულებების მიღების იმედი ჰქონდათ.

tabula.ge