ბუნებრივი სამყარო სავსეა ხმებით, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში ისმოდა — მგალობელი ჩიტების დილის ძახილი, წვიმის შემდეგ ბაყაყების ყიყინი, მწერების ზუზუნი მდელოებზე და მგლების ყივილი მთვარის ქვეშ. ვიღაცისთვის ეს ჩვეულებრივი ხმაა, სინამდვილეში კი ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და დედამიწის ცოცხალ საუნდტრეკს ქმნის.

თუმცა ეს ხმები ზოგჯერ ქრება, ბევრისთვის შეუმჩნევლად, რადგან ცხოველთა და ფრინველთა პოპულაციები მცირდება ადამიანის საქმიანობის გამო. ეს ჩუმი გაქრობა არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნების დაკარგვას, არამედ იმ ხმათა ჩახშობასაც ნიშნავს, რომლებიც ერთ დროს ჩვენი პლანეტის ჰარმონიას ქმნიდნენ.

როგორ ზემოქმედებს ამ ყველაფერზე ადამიანი

ჩვენი ქმედებები ძლიერ გავლენს ახდენს. ჰაბიტატების განადგურებამ, კლიმატის ცვლილებამ, დაბინძურებამ, ტყეების გაჩეხვამ და სამრეწველო გაფართოებამ მნიშვნელოვნად დაარღვია ეკოსისტემა. ტყეები იჩეხება სოფლის მეურნეობისა და ურბანული განვითარების მიზნით, ჭაობები შრება და ოკეანეები ბინძურდება. შედეგად, ცხოველები, რომლებიც ოდესღაც ამ გარემოში ხარობდნენ, გადაშენების პირას არიან მიყვანილნი და მათთან ერთად ქრება მათი უნიკალური ხმებიც.

მაგალითად, ავიღოთ ფრინველები. ბეღურების მხიარული ჭიკჭიკი, ბულბულების მელოდიური სიმღერა და სხვა, ნელ-ნელა არა მხოლოდ ქალაქებში, არამედ სოფლადაც გაიშვიათდა. კვლევებმა აჩვენა, რომ ფრინველთა მრავალი სახეობა მცირდება, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც კონკრეტულ ჰაბიტატებზე არიან დამოკიდებულნი. 

ბრიტანეთის „Trust for Ornithology-მ” დააფიქსირა გამთენიისას გალობის მნიშვნელოვანი შემცირება მთელ ევროპაში, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო იკლებს

მწერების როლი ბუნებრივი ხმების არსებობაში

შეიძლება არ დაფიქრებულხართ, მაგრამ მწერებიც დიდ როლს ასრულებენ ბუნებრივ ხმოვან გარემოში. ფუტკრების ზუზუნი ზაფხულში და ჭრიჭინების რიტმული ჭიკჭიკი უბრალოდ ფონურ ხმაურზე მეტია – ისინი ჯანსაღი ეკოსისტემების სასიცოცხლო ნიშნებია. 

პესტიციდების გამოყენებისა და კლიმატის დარღვევების გამო, მწერების პოპულაციები გლობალურად მცირდება. როგორც კი ეს პატარა არსებები ქრებიან, ასევე, იკარგება მინდვრებისა და ტყეების ნაცნობი გარემოს ხმები.

წყალქვეშა სამყარო

ზემოთ ვისაუბრეთ იმაზე, რაც ხმელეთზე ხდება, თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ არსებობს უმდიდრესი წყალქვეშა სამყაროც, სადაც სხვა სიცოცხლე სუფევს. ადამიანის ზემოქმედება კი ამ სამყაროზეც კი ახდენს გავლენას. წყალქვეშა ვეშაპები და დელფინები უზარმაზარ დისტანციებზე კომუნიკაციისთვის რთულ ვოკალიზაციებს იყენებენ, თუმცა, გემების მოძრაობის ზრდა, წყალქვეშა ბურღვა და სონარის ხმაურიანი დაბინძურება ამ აკუსტიკურ გარემოს არღვევს. ვეშაპები ჩუმდებიან ან ტოვებენ თავიანთ ჰაბიტატურ გარემოს, რაც არღვევს უძველეს მიგრაციულ და კომუნიკაციურ ნიმუშებს.

კლიმატის ცვლილება, როგორც ხმების ჩუმი მკვლელი

კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო ამძაფრებს ბუნებრივი ხმების დაკარგვას. ტემპერატურის მატებამ და ამინდის ცვალებადმა პირობებმა მრავალი ფრინველის მიგრაციის გრაფიკი დაარღვია. ბაყაყებისა და ფრინველების ცნობილი გაზაფხულის გუნდი – რომელიც თბილი თვეების დადგომას აღნიშნავდა – უფრო და უფრო ჩუმდება. ტემპერატურის არაპროგნოზირებადი ცვალებადობის გამო, ბევრი სახეობა იძულებულია, შეცვალოს თავისი გადაადგილების დრო და ზოგიერთ შემთხვევაში ეს იწვევს შეუსაბამობას მათ ბუნებრივ ციკლებსა და ხმოვან სიგნალებს შორის. 

რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს

ამ ბუნებრივი ხმების დაკარგვას ემოციური და ფსიქოლოგიური შედეგები მოჰყვება. ხმოვანი პეიზაჟები გავლენას ახდენს ჩვენს კეთილდღეობაზე, გვაკავშირებს ბუნებასთან და კულტურულ მნიშვნელობას ქმნის. მათი გაქრობა არა მხოლოდ ეკოლოგიურ დანაკარგს, არამედ კულტურულ ეროზიასაც აღნიშნავს.

ამის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა ცხოველთა პოპულაციების დაცვა, რაც გამოიხატება ჰაბიტატების შენარჩუნება, დაბინძურების შემცირება, ნადირობისა და მიწათსარგებლობის რეგულირებასა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. 

სამოქალაქო მეცნიერებას, ველური ბუნების ნაკრძალებსა და აკუსტიკური მონიტორინგის პროექტებს შეუძლია ამ, გაქრობის პირას მყოფი ხმების გადარჩენა. მთავრობებმა, გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მთელ მსოფლიოში უნდა აიღონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა და იზრუნონ ხმებზე, რომლის გარეშეც ჩვენს პლანეტაზე დიდი სიჩუმე დაისადგურებს.

წყარო: marketer.ge