1 ივნისიდან ლიტვა რუსეთის მოქალაქეებს არაბიომეტრიული პასპორტით ქვეყანაში აღარ შეუშვებს.

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ საგარეო უწყებებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქვეყანა 1 ივნისიდან აღარ აღიარებს რუსულ პასპორტებს, რომლებიც ბიომეტრიულ მონაცემებს არ შეიცავს.

ქვეყნის სამინისტროები განმარტავენ, რომ არაბიომეტრიული პასპორტების გაყალბება შედარებით მარტივია. მათივე თქმით, რუსულმა სპეცსამსახურებმა შესაძლოა ასეთი გაყალბებული პასპორტები საგარეო ოპერაციების ჩასატარებლად გამოიყენონ.

ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანა "დემოკრატიული ძალების წარმომადგენლებისთვის, რეჟიმის მოწინააღმდეგეებისთვის, დამოუკიდებელი მედიებისა და საზოგადოებების წარმომადგენლებისთვის" გამონაკლისს დაუშვებს, თუკი  "მათი ვიზიტის მიზანი ლიტვის ინტერესებთან თანხვედრაში მოვა". უწყების თანახმად, ყოველი ასეთი გამონაკლისი ინდივიდუალურად იქნება განხილული.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ლიტვაში ან ევროკავშირის, ევროპული ეკონომიკური ზონის ან შენგენის შეთანხმების წევრ სხვა ქვეყანაში ბინადრობის უფლება აქვთ, ბიომეტრიული პასპორტის გარეშე შესვლის უფლება 2025 წლის 1 დეკემბრამდე ექნებათ. სამინისტროს ცნობით, ასეთ პირებს დამატებით დროს პასპორტების გამოსაცვლელად აწვდიან.

ახალი კანონი არ გავრცელდება რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც ლიტვის ტერიტორიას კალინინგრადიდან რუსეთის ტერიტორიაზე ან პირიქით მიმავალი რკინიგზით კვეთენ

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ აქამდე რუსეთის არაბიომეტრიული პასპორტების აღიარება ჩეხეთმა, ესტონეთმა, საფრანგეთმა, დანიამ და ისლანდიამ შეწყვიტეს.

tabula.ge