„ლივერპულის“ ვებგვერდზე სტატია გამოქვეყნდა, სადაც ალისონისა და გიორგი მამარდაშვილის კონკურენციაზე გუნდის ყოფილმა მეკარემ, პოლონელმა იერჟი დუდეკმა ისაუბრა.
ალისონ ბეკერსა და გიორგი მამარდაშვილს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ, რადგან „ლივერპული“ მომავალ სეზონშიც შეეცდება წარმატების მიღწევას. მერსისაიდელთა მეკარეების განახლებულ დეპარტამენტს ხავი ვალერო ხელმძღვანელობს, მამარდაშვილმა კი არნე სლოტის გუნდში კაოიმინ კელეჰერი შეცვალა. „ლივერპულის“ ყოფილი მეკარე, იერჟი დუდეკი მიიჩნევს, რომ პრემიერლიგის ჩემპიონებს მეკარეების მხრივ პრობლემა არ აქვთ.
„დღეისათვის „ლივერპულს“ ორი მაღალი კლასის მეკარე ჰყავს. ამ მხრივ გუნდს პრობლემა არც გასულ სეზონში ჰქონია, რადგან, როდესაც შანსი ეძლეოდა, კელეჰერი ბრწყინვალედ თამაშობდა. რთული სეზონი იქნება, წინ ბევრი თამაშია, არავინ იცის რა მოხდება და ამიტომ ორი კარგი მეკარე გუნდში აუცილებელია.
ჩემი აზრით, ალისონი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ის „ლივერპულის“ პირველი ნომერია. მამარდაშვილს კი შეუძლია ნამდვილად კარგი შემცვლელი გახდეს, მას ყველა თვისება აქვს, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშოს. კონკურენცია ყველა პოზიციაზე საჭიროა, განსაკუთრებით კი – კარში.
რა თქმა უნდა, მამარდაშვილს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, რადგან პრემიერლიგა განსხვავებული ტურნირია, სადაც თამაში უფრო სწრაფი გახდა, გიორგი ამას მალე მიხვდება. მეკარეებზე გაცილებით მეტი წნეხია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მათ ფეხით უფრო აქტიურად უწევთ თამაში. ამ მხრივ უზარმაზარი განსხვავებაა პრემიერლიგასა და, მაგალითად, ჩემპიონთა ლიგას შორის.