„მაქსიმალურად უნდა მოერიდოს მომხმარებელი გზის პირას განთავსებული ხილ-ბოსტნეულის ყიდვას“, - ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული ხილ-ბოსტნეულის შერჩევის წესებზე საუბრისას „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს.
მისი განმარტებით, ავტომობილების გამონაბოლქვი შეიცავს ტყვიას, რომელიც შესაძლოა, გზის პირას სარეალიზაციოდ გამოტანილმა ხილმა და ბოსტნეულმა „აითვისოს“, ეს კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
„ხილ-ბოსტნეულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, სად ვიძენთ პროდუქტს, რა პირობებშია განთავსებული და ა.შ. მაქსიმალურად უნდა მოერიდოს მომხმარებელი გზის პირას განთავსებული ხილ-ბოსტნეულის ყიდვას. ძალიან დიდი საფრთხის მატარებელია, როდესაც ხილ-ბოსტნეული იყიდება გზის პირას. როდესაც ავტომობილი ბენზინს წვავს, გამოიყოფა დიდი რაოდენობით ტყვია და გზის პირას განთავსებულმა ბოსტნეულმა შესაძლოა, ეს ტყვია აითვისოს და გახდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო“, - აღნიშნავს ირაკლი არაბული.
გარდა ამისა, სურსათის უვნებლობის სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ხილ-ბოსტნეულის შერჩევისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს პროდუქტის ვიზუალს.
„ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტის ვიზუალური და ორგანული მდგომარეობა. უნდა გავარკვიოთ, ხომ არ არის დაზიანებული, სიდამპლე ხომ არ აქვს დაწყებული და ა.შ. თუ დაწყებული აქვს სიდამპლე, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ დაწყებულია ბაქტერიების გამრავლება. რომ შევიძინოთ, სახლში მივიტანოთ, გავრეცხოთ ან ამოვჭრათ, ვერ მივიღებთ ისეთ პროდუქტს, რაც სასურველი და უსაფრთხოა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შევიძინოთ პროდუქტი, რომელიც არის ვიზუალურად კარგი, არ არის დამპალი ან დამჭკნარი და სახეობისთვის დამახასიათებელი ფერი აქვს“, - აღნიშნავს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ირაკლი არაბული.