ჩვენი იმუნური სისტემა გამუდმებით იღებს მიზანში უჯრედებს, რომლებსაც ის საფრთხედ აღიქვამს; ამიტომ, ნამდვილად ცუდი ამბავია, როცა მოხეტიალე იმუნური უჯრედები ჩვენვე გვიტევენ, როგორც ეს ავტოიმუნური დაავადებების დროს ხდება. არსებული პრეპარატები ამ თავდასხმებს თრგუნავს, მაგრამ ვერ აჩერებს. თუმცა, ამ პრობლემის მოგვარების ახალი მიდგომა, რომელიც ამ მოხეტიალე უჯრედებს ხოცავს, წარმოუდგენელ წარმატებას აჩვენებს.
„ყველა მსხვილი ფარმაცევტული კომპანია ახლა ამ ნავში ხტება“, — ამბობს ლონდონის კინგსის კოლეჯის მკვლევარი რუბენ ბენჯამინი.
მისი განცხადებით, ამჟამად მსოფლიოში ათეულობით კლინიკური ცდა მიმდინარეობს და პირველი პრეპარატები შეიძლება მომავალი წლის დასაწყისშიც გამოჩნდეს, რადგან ისინი გაცილებით დიდ ეფექტს აჩვენებენ, ვიდრე ამჟამინდელი წამლები.
ამ ახალი პრეპარატების გასაღებია გენური ინჟინერიით დამუშავებული უჯრედები, რომლებსაც ანტიგენის ქიმერულ რეცეპტორებს (CAR T-cells) უწოდებენ. ისინი დამზადებულია T-ლიმფოციტებისგან (T-უჯრედები), რომლებსაც თქვენი იმუნური სისტემა სხეულში შეჭრილი ბაქტერიების ან ვირუსით ინფიცირებული უჯრედების დასახოცად იყენებს. T-ლიმფოციტებს ადამიანისგან იღებენ, აპროგრამებენ ისე, რომ კონკრეტული სახის უჯრედებს დაესხას თავს, შემდეგ კი კვლავ ინდივიდში აბრუნებენ.
ანტიგენის ქიმერული რეცეპტორები (CAR T-cells) თავდაპირველად კიბოს სამკურნალოდ შეიქმნა. მათ საოცრებების მოხდენა შეუძლიათ, ადამიანების განკურნება მაშინ, როდესაც ყველა სხვა მკურნალობა უშედეგოა. თუმცა, მათ თან ახლავს ბევრი პრობლემა. კერძოდ, ისინი მოქმედებს მხოლოდ სისხლის კიბოების შემთხვევაში, როგორიცაა ლეიკემია, მაგრამ უმოქმედოა მყარ სიმსივნეებთან. ასევე შეუძლიათ ძლიერ სერიოზული გვერდითი ეფექტების გამოწვევა, როგორიცაა თავის ტვინის ანთება, ზემოქმედება მეტყველებასა და მოძრაობაზე.
კიბოს იწვევს მუტანტი უჯრედები, რომლებიც აგრძელებენ ზრდას და დაყოფას მაშინ, როდესაც ეს უნდა შეწყდეს. ავტოიმუნური დაავადებები კიბოს იმით ჰგავს, რომ მათაც იწვევს „არაკეთილსინდისიერი“ უჯრედები, ამ შემთხვევაში ისინი, რომლებიც შეცდომით ესხმიან თავს გარკვეულ ორგანოს ან უჯრედის ტიპს.
მაგალითად, პირველი ტიპის დიაბეტი გამოწვეულია იმუნური თავდასხმით პანკრეასის იმ უჯრედებზე, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებენ. მრავლობით სკლეროზს იწვევს თავდასხმა ნერვების საფარზე — მიელინის გარსზე. ბენჯამინის განცხადებით, ავტოიმუნურ დაავადებათა სია უზარმაზარია.
მას შემდეგ, რაც სხეული ინფექციის საპასუხოდ ახალ იმუნურ უჯრედებს გამოიმუშავებს, ისინი გადიან სკრინინგის პროცესს, რომელმაც უნდა გამორიცხოს ყველა ისეთი უჯრედი, რომელიც შეცდომით ესხმის თავს ჩვენივე სხეულს. თუმცა, ზოგჯერ ეს პროცესი წარუმატებელია და მოხეტიალე უჯრედები მთელი ცხოვრება შეიძლება დარჩნენ ჩვენს სხეულში.
რატომ ხდება ასე? თვის დასაწყისში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა იდეა, რომელიც პირველად 1950-იან წლებში გაჩნდა — რომ ამ მოხეტიალე უჯრედებს აქვთ მუტაციები იმ საკვანძო გენებში, რომლებიც ზემოთ ხსენებულ სკრინინგის პროცესშია ჩართული. შედეგი ისაა, რომ ისინი თავს არ იკლავენ, როცა ეს საჭიროა — ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტოიუმუნური დაავადებები იმაზე მეტად ჰგავს კიბოს, ვიდრე გვეგონა.
მსგავსების მიუხედავად, ცნობილი არ იყო, იმუშავებდა თუ არა კიბოს წინააღმდეგ მოქმედი ანტიგენის ქიმერული რეცეპტორები (CAR T-cells) ავტოიმუნური დაავადებების წინააღმდეგაც. ერთი დიდი პრობლემა ისაა, რომ მოხეტიალე იმუნური უჯრედები არ განირჩევიან სხვა უჯრედებისგან, ამიტომ, თუ გსურს, მოსპო თვითდამიზნებადი ანტისხეულების მწარმოებელი უჯრედები, უნდა დახოცო არა მხოლოდ მოხეტიალეები, არამედ ანტისხეულების მწარმოებელ უჯრედთა უმეტესობა.
კიბოს მკურნალობაზე მყოფ ადამიანებში, ანტიგენის ქიმერულმა რეცეპტორებმა შეიძლება მრავალ წელს გაძლონ, რაც ამ შემთხვევაში კარგია. თუმცა, როგორც ჩანდა, მათი გამოყენება ავტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ, უზარმაზარ ხვრელს დატოვებდა ადამიანების იმუნურ დაცვაში.
საოცარი შედეგები
რისკების მიუხედავად, დაახლოებით ხუთი წლის წინ, გერმანიის ერლანგენის საუნივერსიტეტოს ჰოსპიტლის ჯგუფმა ფაბიან მიულერის ხელმძღვანელობით გადაწყვიტა, რომ წითელი მგლურათი დაავადებული ადამიანებისთვის ანტიგენის ქიმერული რეცეპტორებით ემკურნალა.
„პირველი რამდენიმე პაციენტი იმდენად ცუდად იყო, რომ მკურნალობის გარეშე უბრალოდ დაიღუპებოდნენ“, — ამბობს მიულერი.
ჯგუფის გასაკვირად, ანტიგენის ქიმერულმა რეცეპტორებმა თავის საქმე გააკეთეს და რამდენიმე თვის შემდეგ გაქრნენ, რამაც იმუნურ სისტემას სრულად აღდგენის საშუალება მისცა.
„სიმართლე გითხრათ, უბრალოდ გაგვიმართლა“, — იხსენებს მიულერი.
ის ფიქრობს, რომ კიბოზე ნამკურნალებ ადამიანებში ანტიგენის ქიმერული რეცეპტორები იმიტომ რჩება, რომ მათი იმუნური სისტემა შესუსტებულია — სისხლის კიბოებს იწვევს იმუნური უჯრედების უკონტროლო ზრდა; ამიტომ, მკურნალობისას მიზანში მათ იღებენ. მათგან განსხვავებით, ავტომიუნური დაავადებების მქონე ადამიანებში, იმუნური სისტემა ხელუხლებელია და ანტიგენის ქიმერულ რეცეპტორებს უცხო სხეულებად აღიქვამს, ამიტომაც ხოცავს.
შემდეგ მოდის პოტენციურად მომაკვდინებელი გვერდითი ეფექტები — ისინი უბრალოდ არ ხდება ავტოიმუნურ დაავადებებზე ნამკურნალებ ადამიანებში. მიულერის თქმით, ეს ნამდვილად სასწაულია. ერთი მხრივ, ეს ცვლის რისკისა და სარგებლის ანალიზს, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელი არაა, ეს მიდგომა მხოლოდ ყველაზე სერიოზული შემთხვევებით შემოიფარგლოს.
მიულერი ფიქრობს, რომ ასეთ მოულოდნელ შედეგებს სამი ახსნა აქვს. პირველი — ანტიგენის ქიმერული რეცეპტორები მოწინავე სტადიის კიბოს მქონე ადამიანებში უზარმაზარი ოდენობის უჯრედებს ხოცავს, მაგრამ გაცილებით ცოტა უჯრედს იღებენ მიზანში ავტოიმუნურ დაავადებათა მქონეებში. მეორე — ავტოიმუნურ დაავადებათა მქონეებში ანტიგენის ქიმერული რეცეპტორების ხარისხი უფრო მაღალია, სავარაუდოდ იმიტომ, რომ მათ არ ჩაუტარებიათ კიბოს იმუნური უჯრედების საწინააღმდეგო მკურნალობა. და ბოლოს — კიბოს მქონე ადამიანთა იმუნური სისტემა შეიძლება გამოყოფდეს განგაშის ბევრ სიგნალს, რაც ანტიგენის ქიმერული რეცეპტორების გადაჭარბებულ რეაგირებას იწვევს.
მსოფლიოს მასშტაბით, ანტიგენის ქიმერული რეცეპტორებით ამჟამად ავტოიმუნურ დაავადებებზე რამდენიმე ასეულ ადამიანს მკურნალობენ; მიუხედავად იმისა, რომ ცდის შედეგები ჯერ მზად არაა, შემთხვევების ანგარიშები აჩვენებს, რომ ის საოცრად ეფექტურია ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა წითელი მგლურა, მიასთენია და წყლულოვანი კოლიტი. მკვლევრები ფრთხილობენ სიტყვა „განკურნების“ გამოყენებისას, მაგრამ იქ, მაგრამ იქ, სადაც ანტიგენის ქიმერული რეცეპტორები ანადგურებენ ყველა „არასწორ“ უჯრედს, ამ სახის მკურნალობა შესაძლოა სწორედ ასეთი იყოს.
„კიბოს სამყაროში, როგორც წესი, ხუთი წელი ველოდებით, სანამ განკურნებაზე საუბარს დავიწყებთ. ავტოიმუნურ დაავადებათა სამყაროში, ჩვენ ეს უბრალოდ არ ვიცით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხეტიალე უჯრედები ხანდახან კვლავ გამოჩნდნენ, ადამიანებს შეუძლიათ, ხელახლა იმკურნალონ“, — ამბობს ბენჯამინი.
გარკვეული სიფრთხილე საჭიროა. თვითმიზნობრივი იმუნური უჯრედების მიერ მიყენებული ზიანი ყოველთვის შექცევადი არ არის, მაშინაც კი, თუ მათი თავდასხმები შეწყდება. და თანაც, ყველა მოხეტიალე იმუნური უჯრედი მიზანში ადვილად ამოსაღები არაა, ამიტომ, ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ რამდენ ავტოიმუნურ დაავადებაზე იმუშავებს ეს მიდგომა. საოცარია, მაგრამ დაავადებათა სია, რომლისთვისაც მკურნალობის ამ საშუალებებს ქმნიან, ასევე მოიცავს ასთმას, რომელიც ნამდვილად არ არის ავტოიმუნური დაავადება.
ფართო გამოყენების კიდევ ერთი ხელშემშლელი ფაქტორი იქნება ანტიგენის ქიმერული რეცეპტორების სიძვირე. თითოეული ინდივიდისგან უჯრედების ამოღება, მათი მოდიფიცირება და უკან, სხეულში დაბრუნება უკიდურესად ძვირია.
თუმცა, ოპტიმიზმის მიზეზი ნამდვილად არსებობს. არსებობს ეგრეთ წოდებული ანტიგენის ქიმერული რეცეპტორებით ე. წ. მზა მკურნალობა, რომელშიც ერთი დონორის T-ლიმფოციტები ათეულობით სხვა პაციენტისთვის გამოიყენება. ბენჯამინის განცხადებით, ე. წ. მზა მკურნალობა კარგად არ მუშაობს კიბოს მქონე პაციენტებში, რადგან მათ სხეულში ისინი დიდხანს ვერ ძლებს. თუმცა, ავტოიმუნური დაავადებების მქონეებში ეს შეიძლება პირიქით, უპირატესობა იყოს.
„არსებობს ინ-ვივო ანტიგენის ქიმერული რეცეპტორები. ამ შემთხვევაში, T-ლიმფოციტებს ანტიგენის ქიმერულ რეცეპტორებებად ადამიანის სხეულშივე გარდაქმნიან და არა ლაბორატორიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველას შეუძლია მიიღოს ერთი და იგივე მკურნალობა, რაც დიდად ამცირებს ხარჯებს. ეს ამბავი ძლიერ ამაღელვებელია“, — ამბობს ბენჯამინი.
შეიძლება წინ მოულოდნელი წარუმატებლობაც გველოდეს, მაგრამ გეტყვით, რომ სულ რაღაც ხუთი წლის წინ, ვერავინ ოცნებასაც ვერ გაბედავდა ანტიგენის ქიმერული რეცეპტორებით ავტოიმუნურ დაავადებათა მკურნალობაზე. ამბავი ფანტასტიკურია, რადგან ავტოიმუნური დაავადებები მსოფლიოში ყოველი ათიდან დაახლოებით ერთ ადამიანს აწუხებს.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.