20 ოქტომბერს ლუვრის მუზეუმი შთამბეჭდავი ძარცვის მსხვერპლი გახდა - აპოლონის გალერეაში გამოფენილი ათეულობით უძვირფასესი სამკაული მოიპარეს. 

ძარცვაში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავეს.

20 ოქტომბერს პარიზში, ლუვრის მუზეუმზე განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმის შემდეგ, მძარცველები ამ დრომდე არ დაუკავებიათ. საფრანგეთის კულტურის სამინისტროს ცნობით, რაღაც შვიდ წუთში, მძარცველებმა შეძლეს „განუზომელი კულტურული ღირებულების“ მქონე ათეულობით სამკაულის ხელში ჩაგდება. სამკაულები აპოლონის გალერეაში იყო გამოფენილი. ამ შთამბეჭდავი ქურდობისთვის, მძარცველებმა დღისით, მზისით, ამწე-სატვირთო მანქანა გამოიყენეს. გამომძიებლები ოთხი გაქცეული მძარცველის დოსიეს სწავლობენ. პარიზის პროკურატურის ცნობით, ამ დროისთვის არცერთი ვერსია არ არის გამოკვეთილი და პრიორიტეტულად მიჩნეული.

„გამოძიება ორგანიზებული ქურდობისა და დანაშაულის ჩადენის დაგეგმვის მუხლებით დაიწყო“, - განუცხადეს სააგენტო „ფრანსინფოს“ პარიზის პროკურატურაში. „გამოძიება კრიმინალური გამოძიების პოლიციის ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ბრიგადას (BRB) დაევალა, კულტურული ფასეულობების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური ოფისი (OCBC) კი დამკვირვებლის როლს ასრულებს“, - აღნიშნეს პროკურატურაში.

განიხილება რამდენიმე ვერსია

სავარაუდო ვერსიებს შორისაა კოლექციონერის მიერ დაკვეთილი ძარცვა. ამ შემთხვევაში, სამკაულები, სავარაუდოდ, ხელუხლებელი დარჩება. გამომძიებლები ასევე მუშაობენ ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც, ქურდობა მოხდა დამკვეთის დავალებით, რომელიც მხოლოდ ძვირფასი ქვებისა და იშვიათი ლითონების ფინანსური ღირებულებითაა დაინტერესებული. ამ შემთხვევაში, სამკაულები, შესაძლოა, რამდენიმე ნაწილად დაშალონ საცალო გაყიდვისთვის.

ასევე განიხილება უცხოური ჩარევისა და დესტაბილიზაციის შესაძლებლობა. თუმცა, ეს არ არის გამომძიებლების მთავარი ვერსია, იმ ადამიანების პროფილის გათვალისწინებით, რომლებიც პარიზის მუზეუმებში მომხდარი ამავე ტიპის სხვა ბოლოდროინდელი ძარცვების დროს დააკავეს. უფრო რეალურად გამოიყურება ჰიპოთეზა, რომ სამკაულები, შესაძლოა, ფულის გათეთრებისთვის გამოიყენონ.

ძვირფასი ნივთები ორ სხვადასხვა ვიტრინაში იყო მოთავსებული: ერთში საფრანგეთის მეფეების სამკაულები ნახებოდა, მეორეში - ნაპოლეონის. ამ უკანასკნელიდან, ოთხმა მძარცველმა ნაპოლეონ III-ის მეუღლის, ეუხენია დე მონტიხოს გვირგვინი მოიპარა. 1 350 ბრილიანტითა და 56 ზურმუხტით შემკული სამკაული ლუვრის ტერიტორიაზე დამსხვრეული იპოვეს. მძარცველებმა ის გაქცევისას დატოვეს, ისევე როგორც კიდევ ერთი სამკაული, რომელსაც აპოლონის დარბაზშივე მიაგნეს - მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი სამკაული, სახელად „რეგენტი“, მოპარული არ არის.

საფრანგეთის აუდიტის სამსახურის წინასწარმა ანგარიშმა, რომელსაც „ფრანსინფო“ ნაწილობრივ გაეცნო, ლუვრის მუზეუმის უსაფრთხოებაში არსებული ნაკლოვანებები გამოავლინა. მასში ლუვრის ტექნიკური აღჭურვილობის შესაბამის სტანდარტებთან მოყვანის პროცესში არსებულ „მნიშვნელოვან“ და „მუდმივ“ ხარვეზებზეა საუბარი.

წყარო: 1 არხი