ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრი, ვლადისლავ კონდრატოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ქვეყანას დაახლოებით 120 მილიონი ევრო სჭირდება.

„საჭირო თანხის ჯამური ოდენობა 120 მილიონ ევროს აღემატება. დაფინანსების პოტენციურ ვარიანტებს უახლოეს მომავალში, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის ფარგლებში განვიხილავთ“, - განუცხადა მან სააგენტო „ბიზნეს ნიუს სერვისს“ (BNS). „ჩვენ ასევე ვეძებთ დაფინანსების ევროპულ წყაროებს და ამ კუთხით, უკვე გვაქვს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია. დაფინანსების მოპოვება უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა კონდრატოვიჩმა.

მინისტრის თქმით, დაფინანსება, ძირითადად, „ფიზიკური ბარიერის“ მშენებლობას, სათვალთვალო სისტემების განახლებას და საზღვრის ამ მონაკვეთისთვის კონტრ-დრონული სისტემის შეძენას მოხმარდება.

მისივე განცხადებით, ევროკავშირის ფონდებიდან მიღებული სახსრები კლაიპედის საზღვაო პორტში ახალი ნავმისადგომის მშენებლობასაც შეიძლება მოხმარდეს.

კონდრატოვიჩმა დასძინა, რომ ქვეყანას ახალი ჰოვერკრაფტიც (ჰაერბალიშიანი გემი, რომელსაც გადაადგილება შეუძლია, როგორც ხმელეთზე, ისე წყლის ზედაპირზე - რედ.) ესაჭიროება. ამჟამად, მესაზღვრეების განკარგულებაში მხოლოდ ორი ასეთი გემია.

სამინისტრო, მდინარეებისა და კურონის ლაგუნის მონიტორინგისთვის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, დამატებითი საპატრულო კატარღების შეძენასაც გეგმავს.

რუსეთის შემადგენლობაში მყოფ კალინინგრადის ოლქთან ლიეტუვის საზღვარი დაახლოებით 275 კილომეტრზეა გადაჭიმული. მისი დაცვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ნაწილი უკვე დამონტაჟებულია.

კონდრატოვიჩის თქმით, რუსეთის საზღვართან დარღვევები და ინციდენტები იშვიათად ხდება.

1tv.ge