ულტრამემარჯვენე ევროპარლამენტარ გჟეგოჟ ბრაუნს პოლონეთის პარლამენტში შესვლა მას შემდეგ აეკრძალა, რაც მან ქვედა პალატაში (სეიმი) ლგბტ თამატიკისადმი მიძღვნილი გამოფენა დაარბია. ამ ინფორმაციას პოლონეთის პარლამენტის სეიმის თავმჯდომარე, შიმონ გოლოვნია ავრცელებს.
ინციდენტი ოთხშაბათს მოხდა, როდესაც ბრაუნმა ლგბტ თემატიკისადმი მიძღვნილი გამოფენაზე, რომელიც გეი და ლესბოსელთა უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაცია Tęczowe Opole-მ მოაწყო, საგამოფენო დაფები დააზიანა.
კონსერვატორი დეპუტატის, ანიტა ჩერვინსკას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მეთოდურად აზიანებს ბრაუნი დაფებს, ყრის მათ იატაკზე და შუაზე ამტვრევს, რასაც კამერები აფიქსირებენ და საპარლამენტო დაცვის თანამშრომლები ადევნებენ თვალს.
პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის, შიმონ გოლოვნიას თქმით, რადგან „სეიმში ხულიგნებისთვის ადგილი არ არის“, ამიტომ, ბრაუნი დაცვის თანამშრომლებმა საკანონმდებლო ორგანოდან გაიყვანეს და მას შენობაში შემოსვლა აეკრძალა.
მისივე განცხადებით, მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ოქმებს გადახედა, მან, ქონების დაზიანების თავიდან ასაცილებლად, დაცვას „იმუნიტეტის მქონე კანონმდებლის წინააღმდეგ“ ფიზიკური ძალის გამოყენების უფლებაც კი მისცა.
გოლოვნიამ ასევე გაიხსენა 2023 წლის ბოლოს მომხდარი ინციდენტი, როდესაც სეიმმა ბრაუნს, ცეცხლმაქრით გამოყენებით ანტისემიტური ტრიუკის მოწყობის შემდეგ, იმუნიტეტი მოუხსნა.
„იმედი მაქვს, რომ ამ საქმეზე ბრალდება საბოლოოდ სასამართლომდე მიაღწევს“, - დასძინა მან.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, რომელიც სეიმის ყოფილი თავმჯდომარეა, უსაფრთხოების სამსახურის რეაგირება ეჭვქვეშ დააყენა.
„იქს“ პლატფორმაზე მან დაწერა: „როგორც სეიმის ყოფილი სპიკერი, ვერ ვხვდები, თუ რატომ ვერ შეძლო პარლამენტის დაცვამ კიდევ ერთხელ ბრაუნის დაკავება კერძო საკუთრების განადგურებისკენ მიმართული მოქმედების დროს“.
ბოლო წლებში, ბრაუნის სახელი რამდენიმე გახმაურებულ ინციდენტს უკავშირდება, რომელთა მათ აღსანიშნავია 2023 წელს პოლონეთის პარლამენტში ცეცხლმაქრით ხანუქას სანთლების ჩაქრობა და ამ წლის დასაწყისში ექიმის „სამოქალაქო წესით დაკავების“ მცდელობა, რომელიც აბორტს კანონიერად აკეთებდა.
წყარო: 1არხი