„ლატვიის ტელევიზიის“ გადაცემის „რა ხდება ლატვიაში?“ („Kas notiek Latvijā?“) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რომელიც 2 იანვარს გამოქვეყნდა, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ 2024 წელს ცხოვრების დონე, 2023 წელთან შედარებით, გაუარესდა.
გამოკითხულთა მხოლოდ 1,1%-ს მიაჩნია, რომ გასულ წელს, 2023 წელთან შედარებით, ლატვიაში ცხოვრების დონე „მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა“, 14,3% კი აღნიშნავს, რომ ცხოვრების დონე „ოდნავ გაუმჯობესდა“.
თუმცა, რესპონდენტთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ცხოვრების დონე გაუარესდა - გამოკითხულთა 30,3% ამბობს, რომ ცხოვრების ხარისხი „ოდნავ გაუარესდა“, ხოლო 11,7% დარწმუნებულია, რომ გასული წლის განმავლობაში ცხოვრების პირობები „მნიშვნელოვნად გაუარესდა“.
გამოკითხულთა 39,2%-ს მიაჩნია, რომ 2024 წელს ლატვიაში ცხოვრების დონე არ შეცვლილა, 3,4% კი კონკრეტული პასუხს ვერ იძლევა.
30 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით ჩატარებულ გამოკითხვაში ლატვიის 1003-მა მცხოვრებმა მიიღო მონაწილეობა.
ცხოვრების დონის ამაღლებისკენ უფრო მეტად ახალგაზრდები (18-24 წლის და 25-34 წლის ასაკობრივი ჯგუფები) იხრებიან, რომელთა შეფასებითაც, ცხოვრების პირობები, შესაბამისად, 26 და 20%-ით გაუმჯობესდა. ამავე ასაკობრივ ჯგუფებშია ყველაზე ნაკლები რესპონდენტიც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გაუარესდა.
ცხოვრების პირობები 55+ ასაკის ადამიანების მხოლოდ 10%-თვის გაუმჯობესდა. რაც უფრო ხანდაზმულები არიან რესპონდენტები, მით უფრო მეტად არიან დარწმუნებულები, რომ გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში ცხოვრების დონე დაეცა.
ლატვიაში საშუალო ასაკის ადამიანებს შორის გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ ცხოვრება გაუარესდა, ხოლო 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში იგივე პოზიცია აქვს გამოკითხულთა 50%-ს.
ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ყველაზე მეტად უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტები (20%) საუბრობენ, ხოლო საშუალო განათლების მქონე რესპონდენტებში ეს მაჩვენებელი 14%-ს შეადგენს. თუმცა, უმაღლესი განათლების მქონეთა 41% და საშუალო განათლების მქონეთა 42% მიიჩნევს, რომ 2024 წელს ცხოვრების პირობები გაუარესდა.
შეფასებებში განსხვავებს შემოსავლის დონეც განაპირობებს. დაბალი შემოსავლის მქონე რესპონდენტთა მხოლოდ 8%-ს სჯერა, რომ ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა. საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის ეს მაჩვენებელი ორნახევარჯერ მეტია და შესაბამისად, 23 და 21%-ს შეადგენს. ეს ჯგუფი ასევე ნაკლებად აღნიშნავს ცხოვრების ხარისხის გაუარესებას, ვიდრე სხვები. იმავდროულად, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებში ცხოვრების დონის გაუარესებას შესაბამისად გამოკითხულთ 52 და 51% ადასტურებს.
რაც შეეხება საცხოვრებელ ადგილების მიხედვით რესპონდენტების განწყობას, რიგის მცხოვრებლების აზრით, ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა - ასე ფიქრობს ლატვიის დედაქალაქში გამოკითხულთა 25%. სხვა ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებთა შორის ანალგიური პოზიცია აქვს, შესაბამისად, მხოლოდ 10 და 12%-ს. ამავე ჯგუფებში უფრო ხშირად ამბობენ, რომ ცხოვრების ხარისხი გაუარესდა - ორივე შემთხვევაში ამას გამოკითხულთა 48% აცხადებს.
წყარო: 1 არხი