როგორც წესი, ვიტამინები მარტივად განიმარტება — მიიღეთ სწორი რაოდენობით და თქვენი სხეული იბრწყინებს.
რეალობაში კი, ადამიანის ორგანიზმი უფრო ნიუანსურია. თქვენს რაციონში შემავალი ჭარბი ან ზედმეტად ცოტა ვიტამინები ან მინერალები შეიძლება დაკავშირებული აღმოჩნდეს მნიშვნელოვან პრობლემებთან; თუმცა, თუმცა ამ კავშირის მნიშვნელობის ინტერპრეტაცია ყოველთვის მარტივი არ არის.
ამ ვიტამინებს შორის ერთ-ერთია B12.
უკვე მრავალი წელია, ის ერთ-ერთ საუკეთესო ვიტამინად ითვლება, რომელიც თქვენს სხეულს სწორად ფუნქციონირებაში ეხმარება. თუ ამ ვიტამინის ნაკლებობა გაქვთ, ამას აუცილებლად იგრძნობთ — მუდმივი დაღლილობა და შენელებული კოგნიტური ფუნქცია B12-ის დეფიციტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია.
თუმცა, ახალი კვლევები მიუთითებს, რომ B12-ის უფრო ფართო სურათი არეულია, ავლენს კავშირს B12 არანორმალურ დონეებსა და გარკვეული ტიპის კიბოებს შორის — მათ შორისაა ფილტვის, ძუძუს, საყლაპავი მილისა და მსხვილი ნაწლავის კობოები.
B12, იგივე კობალამინი არის ვიტამინი, რომლის გარეშეც ვერცერთი ცხოველი ვერ იცოცხლებს. ხელს უწყობს დნმ-ის და მიელინის წარმოქმნას, რომელიც იცავს ჩვენს ნერვებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სისხლის წითელი უჯრედების მომწიფებისათვის, ასევე პროცესებისთვის, რომლებიც მოიცავს როგორც ცხიმოვან, ისე ამინომჟავებს.
ვინაიდან მცენარეებს B12 არ სჭირდებათ და არც გამოიმუშავებენ, ეს ვიტამინი ბუნებრივად მხოლოდ ცხოველებისგან მიღებულ საკვებ პროდუქტებში გვხვდება. შესაბამისად, ხალხს, რომელიც მცენარეულ საკვებზეა ან მათი სხეული საკვებ ნივთიერებებს ცუდად შეიწოვს, ხშირად აწუხებთ B12-ის დეფიციტი.
დნმ-ის სინთეზსა და სტაბილიზაციაში მისი როლი, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც არის ის მიზეზი, რამაც მეცნიერებს გადააწყვეტინა, შეესწავლათ მისი კავშირი კიბოსთან. კიბო დნმ-ის დაზიანებით იწყება და მიჩნეულია, რომ B12-ის მწვავე დეფიციტი ირიბად ერევა უჯრედების მიერ დნმ-ის კოპირებისა და აღდგენის პროცესებში.
ამ კავშირის შესწავლამ ზოგიერთი მკვლევარი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ვიტამინ B12-ის ჯანსაღი დონის შენარჩუნება ხელს შეუწყობს უჯრედების დაცვას იმ სახის გენეტიკური არასტაბილურობისგან, რომელიც კიბოსთანაა დაკავშირებული.
თუმცა, სხვა კვლევებმა წყალი კიდევ უფრო აამღვრია — აჩვენა კავშირი სისხლში B12-ის უჩვეულოდ მაღალ დონესა და ფილტვის კიბოს შორის.
მთელ მსოფლიოში, მრავალ სხვადასხვა კვლევაში, კიბოს შემთხვევებში დაფიქსირდა B12-ის არანორმალურად დაბალი და არანორმალურად მაღალი დონე.
საინტერესოა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ B12-ის დაუბალანსებელი მიღება კიბოს იწვევს? არა. სინამდვილეში, შესაძლოა, პირიქითაც იყოს.
ერთ-ერთი მთავარი სირთულე ის არის, რომ მკვლევრები ხშირად ორ განსხვავებულ რამეს ზომავენ — რამდენ B12-ს მოიხმარენ ადამიანები და რა ოდენობის ეს ვიტამინი ცირკულირებს მათ სისხლში.
ესენი აუცილებლად ერთი და იგივე არ არის, რადგან სისხლში B12-ის დონეზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ კვება, არამედ ისიც, როგორ ინახავს, იყენებს და გადააადგილებს ორგანიზმი ამ ვიტამინს.
ღვიძლი დიდი ოდენობით B12-ს ინახავს და რამდენიმე სახის კიბო, მათ შორის ღვიძლის და ის კიბოები, რომლებიც სხეულში აგრესიულად ვრცელდება — არღვევს ამ ვიტამინის შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოთავისუფლების პროცესს.
ზოგიერთი კიბო ასევე ზრდის იმ ცილების წარმოებას, რომლებსაც სისხლის მიმოქცევაში B12 გადააქვთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სისხლის ტესტებში B12-ის მომატებული დონე ზოგჯერ შეიძლება იყოს დაავადების სიმპტომი ან გვერდითი ეფექტი და არა გამომწვევი მიზეზი.
მკვლევარები ჯერ კიდევ ცდილობენ გაარკვიონ, თუ ზუსტად რას ნიშნავს B12-ის მომატებული დონე.
2026 წელს ჩატარებულ კვლევაში, რომელშიც მსხვილი ნაწლავის კიბოს 37 000-ზე მეტი პაციენტი მონაწილეობდა, დადგინდა, რომ B12-ის ძალიან მაღალი დონის მქონეებს გადარჩენის მნიშვნელოვნად უარესი შედეგები ჰქონდათ, მაგრამ მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენა ვერ შეძლეს და ამის ნაცვლად, ივარაუდეს, რომ B12 შესაძლოა აგრესიული დაავადების ბიომარკერის ფუნქციას ასრულებდეს.
ადამიანებზე ჩატარებული კვლევების 2022 წლის მიმოხილვამ დაასკვნა, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ B12-ის ჭარბი მიღება, B12-ის მაღალი დონე ან მისი დანამატების სახით მიღება პირდაპირ იწვევს კიბოს, B12-ის ანომალიურ დონეებსა და დაავადებას შორის განმეორებითი კავშირის მიუხედავად.
კიდევ ერთ, 2024 წელს ჩატარებულ მიმოხილვაში შეისწავლეს კიბოს პაციენტებში B12-ის დონეები და დაასკვნეს, რომ „კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებში B12-ის მომატებული დონის დიაგნოსტიკური მნიშვნელობა გაურკვეველი რჩება და პოტენციურად შეიძლება დაკავშირებული იყოს საპირისპირო მიზეზობრიობასთან“.
სურათი კიდევ უფრო გაართულა 2024 წელს ვიეტნამში კიბოს 3758 პაციენტზე ჩატარებულმა კვლევამ.
ამ კვლევაში შეადარეს B12 ვიტამინის მიღება კიბოს მქონეებში და კიბოს არმქონე 2995 ადამიანში; მიიღეს U-ს ფორმის კავშირი — როგორც უჩვეულოდ დაბალი, ისე უჩვეულოდ მაღალი მოხმარების მქონე ადამიანებს აღენიშნებოდათ კიბოს საერთო რისკის მომატება საშუალო დიაპაზონის მქონე ადამიანებთან შედარებით.
ვიეტნამში ჩატარებული კვლევის თანახმად, ეს შეიძლება არც ისე მკაფიო იყოს, თუმცა აქვს მნიშვნელოვანი შეზღუდვებიც.
იმ სხვა მრავალი კვლევის მსგავსად, რომლებშიც B12-ისა და კიბოს კავშირი შეისწავლეს, ეს კვლევაც დაკვირვებითი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ასოციაციების იდენტიფიცირება შეეძლო და არა პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირის. ამას გარდა, მკვლევრები ეყრდნობოდნენ კითხვარებს საკვების შესახებ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში კვების არასრულყოფილი საზომი იყოს.
ყველაზე მაღალი მოხმარების ჯგუფებიც კი დღეში საშუალოდ მხოლოდ 2,97 მიკროგრამ B12-ს იღებდნენ — რაც მნიშვნელოვნად არ აღემატება კვების სტანდარტულ რეკომენდაციებს, დღეში 2,4-დან 2,8 მიკროგრამამდე B12-ს.
კვლევის ფართო ნაწილთან ასეთი შეუსაბამობებით, კავშირი კიბოსა და B12-ს შორის გაურკვეველი რჩება; მკვლევრები ჯერ კიდევ ცდილობენ დაადგინონ, ეს ვიტამინი ხელს უწყობს ამ დაავადებას, მისი შედეგია, თუ ორივე ერთად.
თუმცა, ერთი რამ აშკარაა. როგორც სხვა ბევრი რამ ცხოვრებაში, ზედმეტობა ან ძლიერ ნაკლებობა არის ის, რის გამოც შეიძლება პრობლემები შეგექმნათ.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.