ადვილია, კიბოს წინაშე თავი უსუსურად იგრძნო, მაგრამ ახალმა კვლევამ გამოავლინა რამდენიმე გზა, რომლითაც შეგვიძლია შევამციროთ მისი წარმოქმნის რისკები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ანალიზის თანახმად, მსოფლიოში კიბოს შემთხვევების მესამედზე მეტის პრევენცია შესაძლებელია.

ფილტვის, კუჭის და საშვილოსნოს კიბოებზე მოდის ამ შემთხვევათა ნახევარზე მეტი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად შესაძლებელია მომაკვდინებელი კიბოების მილიონობით შემთხვევის პრევენცია სამედიცინო ინტერვენციის, ქცევის ცვლილებების, პროფესიული რისკების შემცირებისა და გარემოს დამაბინძურებლებთან ბრძოლის გზით.

„ამ პრევენცირებადი მიზეზების მოგვარება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შესაძლებლობას გლობალური კიბოს ტვირთის შესამცირებლად“, — ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამედიცინო ეპიდემიოლოგი, კვლევის მთავარი ავტორი ისაბელ სოერჯომატარამი.

ანალიზმა დაადგინა, რომ 2022 წელს მსოფლიოში კიბოს დაახლოებით 19 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დიაგნოზთა დაახლოებით 38 პროცენტი დაკავშირებული იყო შეცვლად რისკ-ფაქტორებთან.

მათ შორისაა თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება, სხეულის მასის მაღალი ინდექსი, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, არამოსაწევი თამბაქო (მაგალითად, საღეჭი თამბაქო), ტრადიციული სტიმულატორი არეკას კაკალი, სუბოპტიმალური ძუძუთი კვება, ჰაერის დაბინძურება, ულტრაიისფერი დაბინძურება, ინფექციური აგენტები და ათზე მეტი პროფესიული ზემოქმედება.

კიბოსთან დაკავშირებული ნომერი პირველი პრევენცირებადი ფაქტორი? — თამბაქოს მოწევა. ის იმ წელს გამოვლენილ კიბოს შემთხვევათა 15 პროცენტთან იყო დაკავშირებული.

განსაკუთრებით მაღალი იყო რისკი კაცებისთვის. 2022 წელს, მსოფლიოში კაცებში გამოვლენილი კიბოს შემთხვევების 23 პროცენტი თამბაქოსთან იყო დაკავშირებული.

თუმცა, მოწევა ერთადერთი მიზეზი არ არის; დიდ როლს თამაშობს ჰაერის დაბინძურებაც და მისი გავლენა რეგიონების მიხედვით იცვლება. მაგალითად, აღმოსავლეთ აზიაში, ქალებში ფილტვის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით 15 პროცენტი გამოწვეულია ჰაერის დაბინძურებით. ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში კი ჰაერის დაბინძურება კაცებში ფილტვის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით 20 პროცენტის მიზეზია.

თამბაქოს შემდეგ, ცხოვრების სტილის შეცვლად ფაქტორებს შორის მეორე ადგილზეა ალკოჰოლის მოხმარება. მასზე მოდის კიბოს ყველა ახალი შემთხვევის 3,2 პროცენტი (დაახლოებით 700 000 შემთხვევა).

კიბოს ახალ შემთხვევათა დაახლოებით 10 პროცენტი დაკავშირებული იყო ინფექციებთან. ქალებში პრევენცირებადი კიბოების უდიდესი წილი მოდიოდა ადამიანის პაპილომავირუსზე (HPV), რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს.

საბედნიეროდ, უკვე არსებობს პაპილომავირუსის ვაქცინა, რომელიც შემთხვევათა უმეტესობის პრევენციას ახდენს, მაგრამ მსოფლიოს მრავალ ნაწილში, ამ ვაქცინით დაფარვა დღემდე ძალიან დაბალია.

კუჭის კიბოს შემთხვევები მაღალია კაცებში და როგორც წესი, დაკავშირებულია მოწევასთან და ხალხმრავლობით გამოწვეულ ინფექციებთან, არასათანადო სანიტარიულ ნორმებთან და სუფთა წყალზე ცუდ წვდომასთან.

„ქვეყნებსა და მოსახლეობის ჯგუფებს შორის არსებული ტენდენციების შესწავლით, ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ მთავრობებს და ფიზიკურ პირებს უფრო კონკრეტული ინფორმაცია, რათა ხელი შევუწყოთ კიბოს მრავალი შემთხვევის პრევენციას მათ დაწყებამდე“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი ანდრე იბავი.

კვლევა Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია who.int-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი