გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე – ხვიჩა კვარაცხელია გუნდიდან წასვლის კანდიდატად არ განიხილება. თუმცა პარიზულმა კლუბმა პოტენციურ მსურველებს ქართველი თავდამსხმელის სატრანსფერო ფასი მიანიშნა – ამის შესახებ გამოცემა TEAMtalk-ი წერს.
„გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგაში, „ინტერთან“ ფინალში 5:0 მოგებულ მატჩში კვარაცხელია სამუდამოდ დაგვამახსოვრდა, როგორც „პარი სენ-ჟერმენის“ პირველი ტიტულის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. 2025 წლის იანვარში 75 მილიონ ევროდ შეძენილი ქართველი ფეხბურთელი ლუის ენრიკეს გუნდში გადამწყვეტ მომენტებში შეუცვლელ ფიგურად რჩება.
ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში 4 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით, პსჟ-ის მეშვიდე ნომერმა ევროპულ ასპარეზზე თავისი ღირებულება კიდევ ერთხელ დაამტკიცა. წინ კი „ჩელსისთან“ მერვედფინალის ორი მატჩია.
კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა, თუმცა ამან პარიზელებს ხელი არ შეუშალა, რომ შესაძლო ტრანსფერის საფასური დაეწესებინა, რადგან კვარაცხელია პრემიერლიგის სამი კლუბის სატრანსფერო სიაშია.
ქართველ თავდამსხმელს, რომელმაც პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ყველა ტურნირზე 66 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „არსენალი“ და „ლივერპული“ აკვირდებიან. პარიზლებმა პოტენციურ მყიდველებს მკაფიო სიგნალი გაუგზავნეს – ფრანგული გრანდი კვარაცხელიას ტრანსფერში, მინიმუმ, 78 მილიონ ევროს მოითხოვს“, – ამტკიცებს გამოცემა.