კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობების გაუარესების ფონზე, ევროპასთან კავშირების გაღრმავებას და ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური კურსის მნიშვნელოვან ცვლილებას გეგმავს,- ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კარნის მთავრობა ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის ფორმატის განხილვას გეგმავს, რაც ევროკავშირის სრულ წევრობას არ ითვალისწინებს. შესაძლო შეთანხმებამ შესაძლოა ენერგეტიკის, კრიტიკული მინერალების, ხელოვნური ინტელექტის, თავდაცვის, კვლევებისა და ვაჭრობის მიმართულებით თანამშრომლობა გააძლიეროს.

გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ევროპასთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური და სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებით აშშ-ზე კანადის დამოკიდებულების შემცირებაა.

ინიციატივა ასევე ითვალისწინებს საქონლისა და მუშახელის გადაადგილების გამარტივებას, ერთობლივი ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური პროექტების განხორციელებას, ასევე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

კანადის მთავრობა მიიჩნევს, რომ ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერება ქვეყანას სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიცირების და ეკონომიკური მდგრადობის გაზრდის შესაძლებლობას მისცემს.